თბილისობა ერევანში

საქართველოს საელჩომ სომხეთის რესპუბლიკაში უმასპინძლა თბილის-ქალაქის მოტრფიალე სტუმრებს. დიდი სახალხო ზეიმის – თბილისობას გარშემო გაერთიანდნენ სომხეთის და საზღვარგარეთის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სომხეთში ქართული სათვისტომო „ივერიას“ წევრები. ამის შესახებ თავის ,,ფეისბუკ“-ის გვერდზე აღნიშნავს სომხეთში ქართული სათვისტომო „ივერია“.
დღესასწაული გამოირჩეოდა როგორც საუკეთესო გაფორმებით, ასევე შესანიშნავი განწყობით. საოცარ განწყობას ქმნიდა ქუთაისის ,,ჩვენი კვარტეტის“ მიერ შესრულებული ქართულ-სომხური ჰანგები, თბილისისა და საქართველოს დროშებით გაფორმებული გასტრონომიული ფეირვერკი, ქართული ტრადიციული კულინარია, ფიროსმანის ნახატებით გაფორმებული ქართული ღვინოები, უგემრიელესი ტკბილეული, თბილისის ქუჩებისათვის დამახასიათებელი მეარღნე და არღანის ტკბილი ხმა…
საქართველოს ელჩმა სომხეთში გიორგი შარვაშიძემ დამსწრე საზოგადოებას თბილისობა მიულოცა.
სტუმრებმა საქართველოს გულსა და დედაქალაქს, უძველეს და მარად ახალგაზრდა თბილისს, განვითარება და აყვავება უსურვეს.








