
Factor TV-ის ინტერვიუ სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანთან არმენ გრიგორიანთან:
– ბატონო გრიგორიანო, რატომ გადაწყვიტა სომხეთის რესპუბლიკამ ირანის საგუშაგოდან რუსი მესაზღვრეები გაეყვანა და საკუთარი კონტროლი დაეწესებინა? ნიკოლ ფაშინიან-ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შედეგად ასევე გადაწყდა, რომ სრ მესაზღვრეები მონაწილეობას მიიღებენ თურქეთთან და ირანთან საზღვრების დაცვაში.
– ეს პროცესი ახლა არ დაწყებულა, ჩვენ გვქონდა რუსეთის ფედერაციის ყოფნა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე და „ზვარტნოცის” აეროპორტშიც. რუსეთთან დადებული პოლიტიკური შეთანხმებები ისეთი იყო, რომ თუ სომხეთს შესაძლებლობა ექნება საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მაშინ სომხეთი აიღებდა სრულ ან ნაწილობრივ კონტროლს საზღვრის დაცვაზე. რუსეთთან შეთანხმება სწორედ ამ კუთხით უნდა განიხილებოდეს. რადგანაც სომხეთის რესპუბლიკის სასაზღვრო ჯარებმა შეიძინეს საკმარისი შესაძლებლობები, ჩვენ შევთავაზეთ რუსეთის ფედერაციას, რომ 1 იანვრიდან სომხეთის მესაზღვრეებმა სამსახური განახორციელონ ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან გამშვებ პუნქტზე. ასევე ერთობლივი სამსახურის განხორციელება თურქეთთან და ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან საზღვარზე. მზადება უკვე დავიწყეთ. 1 იანვრიდან ჩვენ დავიწყებთ უმაღლეს დონეზე მიღწეული შეთანხმების განხორციელებას.
– პერსონალი, ტექნიკური მომზადება… ფლობს თუ არა სომხეთი ამ მოცულობის შესაძლებლობებს?
– ჩვენ განუწყვეტლივ ვავითარებთ ჩვენს შესაძლებლობებს და დიახ, სომხეთის საზღვრის დაცვის ჯარებს აქვთ საკმარისი შესაძლებლობები ამ სამსახურის შესასრულებლად.
– 1992 წელს გაფორმებულ სომხურ-რუსულ შეთანხმებაში ნათქვამია, რომ როდესაც სომხეთს ექნება საკუთარი მესაზღვრე ძალები და რესურსები, რათა დამოუკიდებლად დაიცვას საზღვრები ირანთან და თურქეთთან, ის დაიწყებს ამის გაკეთებას. არის თუ არა სომხეთი თურქეთთან და ირანთან საზღვრის სრული კონტროლის ეტაპთან ახლოს?
– ამ დროისთვის გვაქვს შეთანხმებები ერთობლივი სამსახურის განსახორციელებლად და განვიხილეთ ეს ვარიანტი და 1 იანვრიდან დავიწყებთ ამ ვარიანტის განხორციელებას.
– სრული კონტროლის განზრახვა არის?
– ასეთი რამ არ გაგვიხილავს.
– არის სომხეთის მხრიდან ასეთი მისწრაფება? – ხელშეკრულებისა და ზოგადი პოლიტიკური შეთანხმების მიხედვით, სომხეთი განუწყვეტლივ იძენს შესაძლებლობებს, სომხეთი ავითარებს თავის შესაძლებლობებს საზღვრის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის განხორციელების მიზნით. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას.
– სომხეთისა და ირანის საზღვარზე მდინარე არაქსის პარალერულად არსებული გზის სასაზღვრო მონაკვეთზეც რუსი ჯარისკაცები დგანან, რომლებსაც არა მხოლოდ მესაზღვრის ფუნქცია აქვთ, არამედ წყვეტენ, გაუშვებენ თუ არა ხალხს სოფლებში ნრნაძორსა ან შვანიძორში. ყოველ შემთხვევაში, მსგავსი გამოცდილება მქონდა 2021 წელს, როცა სოფელ ნრნაძორში მივდიოდი, პასპორტს ამოწმებდნენ, მეღრის მუნიციპალიტეტიდან ნებართვა უნდა ამეღო. თუ სომხეთი და აზერბაიჯანი მაგისტრალს განბლოკავენ და ეს გზა ამუშავდება, მექანიკურად არ იქცევა დერეფნად? უცხოური სამხედრო ძალები დგანან, სომხეთი დღეს არ არის ფაქტობრივი მაკონტროლებელი. ირანის საზღვარი 40-50 კილომეტრია, გრძელი საზღვარი არაა, არ შეიძლებოდა სომხეთს აეღო საზღვრის ამ მონაკვეთზე კონტროლი?
– მინდა აღვნიშნო, რომ დერეფნის ლოგიკის ნებისმიერი განხილვა დებლოკადის კონტექსტში არის ამბიცია სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიების მიმართ. განბლოკვის პრინციპები ცნობილია სომხეთისათვის, ეს არის ურთიერთგაგების და თანასწორობის პრინციპები. თქვენ იცით, რომ განბლოკვა შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინფრასტრუქტურა იმყოფება მოცემული სახელმწიფოს კონტროლქვეშ. სომხეთის შემთხვევაში ეს ნიშნავს ბლოკადის მოხსნას სომხეთის იურისდიქციის ფარგლებში. ეს არის ის დიაპაზონი, სადაც შესაძლებელია განბლოკვა. სხვა შემთხვევაში, ბუნებრივია, განბლოკვა არ მოხდება.
– იქნება თუ არა ცვლილება ადგილზე ჩემს მიერ აღწერილი საკითხის კონტექსტში?
– ბლოკადა მოიხსნება მხოლოდ იმ პრინციპების ფარგლებში, რაც მე აღვნიშნე.
– რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი პუტინი დუმდა, როდესაც სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნების მეთაურთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ სომხეთის რესპუბლიკა არ დაჰპირებია დერეფანს არცერთ მესამე ქვეყანას, რომ სომხეთმა უნდა უზრუნველყოს თავის ტერიტორიაზე უსაფრთხოება. თუმცა პრემიერის გამოსვლის შემდეგ ოვერჩუკმა ისაუბრა, შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბრის განცხადებიდანსომხეთის რესპუბლიკას ხელმოწერა უკან არ გაუძახებია და თქვა, რომ მხოლოდ რუსეთის მონაწილეობით შეიძლებოდა ბლოკადის მოხსნა. არის თუ არა ეს რუსეთის ტერიტორიული პრეტენზია სომხეთის მიმართ, რადგან არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რატომ უნდა შექმნან დერეფანი სომხეთის რესპუბლიკაში?
– მე უკვე ვილაპარაკე განბლოკვის პრინციპებზე და სომხეთი მზადაა განბლოკვისათვის მხოლოდ ამ პრინციპების ფარგლებში. ჩვენ ვხელმძღვანელობთ პრემიერის მიერ გამოცხადებული პრინციპების ფარგლებში, განბლოკვის კუთხით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, განბლოკვის სხვა ვარიანტი არ არის შესაძლებელი. ეს შესაძლებელია მხოლოდ პრემიერ-მინისტრის, ასევე, ჩვენი მხრიდან ნახსენები განბლოკვის პრინციპების ფარგლებში.
– აზერბაიჯანი არ ეთანხმება საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის ჩართვას ბლოკადის მოხსნის საკითხში, ორმხრივობის პრინციპით, რათა ისინი იყვნენ არა მხოლოდ სომხეთის გავლით გადაადგილებისას, არამედ ნახიჩევანის ტერიტორიაზეც.
– ბლოკადა ნიშნავს, რომ უსაფრთხოების გარანტიები უნდა იყოს როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. სომხეთმა განაცხადა, რომ მზადაა უზრუნველყოს ეს გარანტიები საკუთარი ძალებით. სომხეთი მზადაა ჩართოს სხვა ინსტიტუტები მხოლოდ ურთიერთობის პრინციპით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ურთიერთგაგება და თანასწორობა ასევე მნიშვნელოვანი პრინციპებია. ჩვენ ჯერ ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას ამ საკითხზე.
– ანუ, აზერბაიჯანი ცალმხრივობისკენ მიისწრაფვის?
– ჩვენვაგრძელებთ ჩვენი პრინციპების წინ წაწევას მოლაპარაკებებში.
– აზერბაიჯანთან მოლაპარაკების პროცესი ამჟამად ჩიხში არ არის? თუმცა სომხეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ დამოუკიდებლობის დეკლარაციის დებულებებს, რომლებიც არ არის განმარტებული კონსტიტუციაში, არ აქვს იურიდიული ძალა, მათ შორისაა სომხეთის რესპუბლიკისა და მთიანი ყარაბაღის გაერთიანების დებულება. აზერბაიჯანი ამას საკმარისად არ თვლის და კონსტიტუციის შეცვლას ითხოვს. ეს ჩიხი არ არის?
– შემიძლია ვთქვა, რა მიზნები გვაქვს და რის გაკეთებას ვცდილობთ. ჩვენ მზად ვართ რაც შეიძლება მალე დავდოთ სამშვიდობო ხელშეკრულება და თქვენ იცით, რომ სომხეთმა შესთავაზა სამშვიდობო ხელშეკრულების დადება შეთანხმებული მუხლებით. მიგვაჩნია, რომ არსებული პრობლემების ნაწილი მოგვარებულია შეთანხმებული მუხლებით, ხოლო მეორე ნაწილს განვიხილავთ შემდეგ ეტაპებზე. სამშვიდობო შეთანხმება ასევე უნდა ჩაითვალოს პროცესის ნაწილად. ამ წუთებში რამდენიმე პრობლემას ვაგვარებთ, იმ პრობლემებს, რომელთა გადაჭრაც აქამდე ვერ მოვახერხეთ, მოლაპარაკებების გზით მომავალ ეტაპზე მოვაგვარებთ. ხოლო სომხეთი მზად არის დადოს სამშვიდობო შეთანხმება რაც შეიძლება მალე და ასევე მზადაა უმაღლეს და მაღალ დონეზე ინტენსიურად ჩაერთოს სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო დასრულებასა და რაც შეიძლება მალე მის ხელმოწერაში.
– ყოველ შემთხვევაში, სრ მთავრობამ გამოაცხადა, რომ 2027 წელს აპირებს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის საკითხი შესთავაზოს სომხეთის მოქალაქეებს.
– კონსტიტუციის საკითხი და ზოგადად, კონსტიტუციის ცვლილების საკითხი სრ-ს შიდა საკითხია და ეს საკითხი 2020 წლიდან განიხილება. ანუ დღის წესრიგში 2020 წლიდან დგას და ამის შესახებ პრემიერმა საჯაროდ განაცხადა. საკონსტიტუციო ცვლილებები სომხეთის საშინაო საქმეა და სომხეთი გადაწყვეტს, როდის იქნება ეს საჭირო მისი შიდა საქმეების კონტექსტში და გააკეთებს ამას.
– თქვენი აზრით, რას ნიშნავს აზერბაიჯანის მოთხოვნა სომხეთის კონსტიტუციის შეცვლის თაობაზე, რატომ ამბობენ ამას?
– დასახელებულია მიზეზი, რომელიც მიგვაჩნია არამართებულად, განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილების გათვალისწინებით.
– აზერბაიჯანი კონსტიტუციის შეცვლას ითხოვს, სამაგიეროდ სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას გვპირდება. სომხეთის მთავრობა ამბობს, რომ 13+3 პუნქტს მოაწერს ხელი, უარს ამბობენ. თქვენ თქვით, რომ 2027 წელს შეცვლით კონსტიტუციას, ესეც სრ დღის წესრიგით. ნიშნავს თუ არა, რომ ხელშეკრულება ნამდვილად არ გაფორმდება, რადგან, როგორც ჩანს, პოზიციების დაახლოებისთვის ადგილი აღარ რჩება?
– ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმ მიმართულებით, რომ ვეცადოთ სამშვიდობო შეთანხმებას რაც შეიძლება მალე მოვაწეროთ ხელი, განსაკუთრებით საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილების გათვალისწინებით.
– ის, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ადანაშაულებს სომხეთის ხელისუფლებას რევანშისტურ იდეებში და შეიარაღებაში, ის, რომ აზერბაიჯანი ატარებს ინტენსიურ სამხედრო წვრთნებს და იარაღდება, ის, რომ აზერბაიჯანი ხელოვნური მოთხოვნებით ვერ აფორმებს შეთანხმებას. აზერბაიჯანი დასავლეთს მოსთხოვს სომხეთს შეზღუდვა დაუწესოს შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით და არა შეიარაღებაში, ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანი ითხოვს ევროკავშირის დამკვირვებლების გაყვანას, არ მიგვანიშნებს, რომ აზერბაიჯანის სცენარი ომია?
– პირველ რიგში, ნება მომეცით აღვნიშნო რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება. აზერბაიჯანის სამხედრო ბიუჯეტი მრავალი წლის განმავლობაში სომხეთის სამხედრო ბიუჯეტზე მეტი იყო და კვლავაც მეტია. შეიარაღების კონტექსტში აზერბაიჯანი უფრო ინტენსიურად იარაღდება. შემდეგი, სრ სურს გამოიყენოს მთელი თავისი არსენალი და შეძენილი იარაღი მხოლოდ სრ-ს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. სომხეთი კი ამ იარაღის სხვა მიზნით გამოყენებას არ გეგმავს. გარდა ამისა, ჩვენ აზერბაიჯანს შევთავაზეთ შეიარაღებაზე ურთიერთკონტროლის მექანიზმის შექმნა. გარდა ამისა, სამშვიდობო შეთანხმება, დარწმუნებულნი ვართ, ქმნის გრძელვადიან გარანტიებს ორ ქვეყანას შორის გრძელვადიანი სტაბილურობისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა, იარაღის ურთიერთკონტროლის მექანიზმი, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ აზერბაიჯანულ მხარეს, იძლევა ყველანაირი შეშფოთების გაფანტვის შესაძლებლობას. ასევე, რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარება, ასევე ეკონომიკური ურთიერთობები… ვგულისხმობ განბლოკვა შექმნის ეკონომიკურ ურთიერთდამოკიდებულებას რეგიონის ქვეყნებისთვის, ეს არის გარანტია იმისა, რომ რეგიონი მშვიდობისკენ წავა და ჩვენი ძალისხმევა ამ მიმართულებით გაგრძელდება.
– მაგრამ ამ თქვენს შეფასებას უფრო ოპტიმისტური ფონი აქვს, რომ იქნება თანამშრომლობა, მშვიდობა…
– მე ვსაუბრობ ჩვენს განზრახვებზე.
– არსებობს ფუნდამენტური საექსპერტო ანალიზები, რომ აზერბაიჯანის მთავრობას სჭირდება შეინარჩუნოს კონფლიქტი და მტრული ატმოსფერო სომხეთთან, არ მოაწეროს ხელი შეთანხმებას, შეიარაღდეს, მოახდინოს სასაზღვრო შეტაკებების პროვოცირება, თქვას “დასავლეთ აზერბაიჯანი” და ა.შ.
– მაგრამ თქვენ ამბობთ იმას, რასაც აზერბაიჯანი ჩვენ გვაბრალებს.
– იქნებ აზერბაიჯანის შიდა აურა არის ის, რომ მათ არ აქვთ მოტივაცია სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებისთვის?
– ჩვენ გვაქვს ეს მოტივაცია და ვცდილობთ წინ წავიწიოთ სამშვიდობო შეთანხმების დასასრულებლად და ვხედავთ ბევრ პარტნიორს, ვისაც სურს ამ სამშვიდობო შეთანხმების დასრულება.
-მაგრამ ტანგოს მარტო არ ცეკვავენ…
– სამშვიდობო შეთანხმება არის ჩვენი პრობლემების გამოსავალი.
– ვიცი, ახლა არ გამოაქვეყნებთ სომხეთის მიერ ნაყიდი იარაღის სიებს, ტექნიკურ მახასიათებლებს, ფასებს, რაოდენობას. მაგრამ შეგიძლიათ თქვათ მზად არის თუ არა სომხეთი დაიცვას თავისი ტერიტორია აზერბაიჯანის ფართომასშტაბიანი სამხედრო თავდასხმის შემთხვევაში?
– შემიძლია ვთქვა, რომ სომხეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თავი დაიცვას ნებისმიერი თავდასხმის შემთხვევაში. სომხეთი კი მხოლოდ თავდაცვის ორგანიზების უნარს იძენს. სცენარები შეიძლება განსხვავდებოდეს, ჩვენ შეიძლება არ ვიყოთ მზად ყველა სცენარისთვის ამ მომენტში, მაგრამ ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმის უზრუნველსაყოფად, რომ გვქონდეს საკმარისი შესაძლებლობები ყველა საფრთხის განეიტრალების მიზნით. ეს არის უწყვეტი სამუშაო. სრ აგრძელებს საკუთარი შესაძლებლობების განვითარებას, რათა მზად იყოს რაც შეიძლება მეტი სცენარისთვის თავისი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.
– ცოტა ხნის წინ სრ სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომ მათ აღკვეთეს შეიარაღებული გადატრიალების მცდელობა. ადრე ცნობილი ხდებოდა მსგავსი შემთხვევები, მაგრამ ეს იყო განსაკუთრებული იმით, რომ სრ სამართალდამცავების თქმით, ეს პირები სწავლობდნენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, იცოდნენ თუ არა რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებმა რომ მათ ტერიტორიაზე, უფრო მეტიც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სასწავლო სკოლაში გადის სწავლებას ჯგუფი, რომელსაც, სამართალდამცავების თქმით, უნდოდათ სომხეთში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა, შენობების დაკავება და ა.შ. რას იტყვით ამ თემაზე?
– გამოძიებამ უნდა გაარკვიოს და ყველა ეს საკითხი წინასწარ გამოძიებამ უნდა დააზუსტოს. დაველოდოთ გამოძიებას და ვფიქრობ, სამართალდამცავი ორგანოები უფრო მკაფიოდ ისაუბრებენ პრობლემებსა და გამოძიების შედეგებზე.
– ნებისმიერ შემთხვევაში იყო რუსეთის სახელმწიფოს ჩართულობა, კოორდინაცია თუ ხელმძღვანელობა?
– გამოძიებამ უნდა უპასუხოს ყველა არსებულ საჯარო კითხვას.
– ბაგრატ მთავარეპისკოპოსი გალსტანიანის ხელმძღვანელობით ოპოზიციური მოძრაობის შედეგად თუ გრძნობთ ძალაუფლების დაკარგვის საფრთხეს?
-2018 წლიდან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სომხეთში ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ არჩევნების გზითაა შესაძლებელი. ზოგადად, ძალაუფლების შეცვლას ძალაუფლების დაკარგვად არ მივიჩნევ. საზოგადოება წყვეტს, რომელი პოლიტიკური გუნდი ან პარტია უნდა აიღოს მთავრობაზე პასუხისმგებლობა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. ეჭვი არ მეპარება, რომ ხელისუფლების შეცვლა მოხდება არჩევნების გზით.
– გამორიცხავთ რევოლუციას, გადატრიალებას?
– დემოკრატიაში რევოლუცია გამორიცხულია. დემოკრატიაში შეიძლება იყოს გადატრიალების საშიშროება, მაგრამ რევოლუცია გამორიცხულია, რადგან არის არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობა. რატომ ხდება რევოლუცია ამის მიზეზი ის არის, რომ არ შეიძლება ხელისუფლების შეცვლა საარჩევნო პროცესებით? ამიტომ ხალხი სხვა ინსტრუმენტებს მიმართავს. ხოლო დემოკრატიაში არასოდეს არის საჭირო რევოლუცია, მაგრამ ყოველთვის შეიძლება იყოს გადატრიალების მცდელობა და ამას სომხეთის უახლესი გამოცდილება აჩვენებს. რა თქმა უნდა, დემოკრატიული ინსტიტუტები გადატრიალებისგან დაცვის საუკეთესო საშუალებაა. მაგრამ ამის მცდელობა ყოველთვის შეიძლება, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, მკვლელობის მცდელობიდან დაწყებული, ნებისმიერი ინსტრუმენტი შეიძლება გამოყენებულ იქნას გადატრიალების განსახორციელებლად. დავუბრუნდეთ კონკრეტულ კითხვას. სამთავრობო საკითხს სრ არჩევნები გადაწყვეტს. საზოგადოება აღარ გრძნობს რევოლუციის საჭიროებას.
– არიან გეოპოლიტიკური ცენტრები და ძალები, რომლებიც არც მალავენ შეუწყნარებლობას სომხეთის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და დემოკრატიული განვითარების პერსპექტივის მიმართ, რასაც მათი საჯარო განცხადებებიც ადასტურებს. ამის მიხედვით, სომხეთში ასევე შეიმჩნევა დისკუსიები ტერორიზმისა და გადატრიალების საშიშროების შესახებ, ანუ მოულოდნელი სცენარები, რათა აიძულონ სომხეთის ხელისუფლება უკან დაიხიოს ამა თუ იმ პროცესებიდან ან წაახალისოს ესა თუ ის პროცესები, რაც შეიძლება მოხდეს გარედან. გათვლილია თუ არა ასეთი სცენარები, რამდენად მართვადია ისინი?
-ბუნებრივია, სომხეთის სამართალდამცავ სისტემას და უშიშროების ძალებს ეს კითხვა რეგულარულად უჩნდებათ გონებაში და ცდილობენ ამ კითხვაზე პასუხის პოვნას. ვფიქრობ, ძალოვანი სისტემის მრავალი პროცესიც იმაზე მეტყველებს, რომ ისინი ხედავენ ასეთ საფრთხეს და დგამენ ნაბიჯებს ამ მიმართულებით. იმედი მაქვს, რომ მომავალში ჩვენი სამართალდამცავი სისტემაც შეძლებს მსგავსი პროცესების თავიდან აცილებას, მაგრამ არასდროს არ უნდა დავმშვიდდეთ და ყოველთვის დავსვათ ეს კითხვა და ვეცადოთ ამ კითხვაზე პასუხის პოვნა საფრთხის პერსპექტივიდან, რა სახის საფრთხე შეიძლება შექმნან სხვა ქვეყნებმა. განახორციელონ სომხეთში ტერორიზმი ან სხვა ინსტრუმენტები, ანუ შეეცადნონ სომხეთში შექმნან არეულობა ლეგალური ველის მიღმა. აქამდე ჩვენი სამართალდამცავი სისტემა ძალიან ეფექტურად მუშაობდა, ჩვენ ძალიან ვაფასებთ მათ მუშაობას და ვფიქრობ, რომ ისინი გააგრძელებენ ამ მიმართულებით საუკეთესო შედეგების ჩვენებას.
რობერტ ანანიანი







