მთავარიპოლიტიკა

ევროპარლამენტმა მოუწოდა აზერბაიჯანს გაათავისუფლოს სომეხი ტყვეები და უზრუნველყოს მყ-ის სომხების უსაფრთხო დაბრუნება

ევროპარლამენტმა 453 ხმით, 31 წინააღმდეგ და 89 თავი შეიკავა მიიღო რეზოლუცია „აზერბაიჯანში არსებულ ვითარებასთან, ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო სამართლის დარღვევასთან და სომხეთთან ურთიერთობებთან“ დაკავშირებით.

როგორც იტყობინება ბრიუსელში „არმენპრესის“ კორესპონდენტი, მიღებული რეზოლუციით ევროპარლამენტის დეპუტატები მკაცრად გმობენ აზერბაიჯანის ხელისუფლების რეპრესიებს ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტების, აქტივისტების მიმართ, ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ.

ხაზგასმით აღნიშნა რა, რომ ეს ზეწოლა განსაკუთრებით გაძლიერდა COP 29-ის წინ, ევროპარლამენტი მოუწოდებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ყველა თვითნებურად დაპატიმრებული და დაკავებული პოლიტიკური პატიმარი და შეწყდეს ყველა სახის დევნა და რეპრესია. ევროპარლამენტის დეპუტატები სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამენ ქვეყნის შიგნით შექმნილი შიშის ატმოსფეროს გამო, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებას ისახავს მიზნად.

„აზერბაიჯანის მიერ ადამიანის უფლებების უწყვეტი დარღვევა შეუთავსებელია COP 29-ის ჩატარებასთან. ევროკავშირის ლიდერებს, განსაკუთრებით ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, მოუწოდებენ გამოიყენონ COP 29, როგორც შესაძლებლობა, შეახსენონ აზერბაიჯანს მისი საერთაშორისო ვალდებულებების შესახებ და შინაარსობრივად ისაუბრონ ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, ყველაფერი გააკეთონ, რათა გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციები არ ჩატარდეს ისეთ ქვეყნებში, სადაც ადამიანის უფლებების მძიმე მდგომარეობაა.

მიღებული რეზოლუციით, ევროპარლამენტის წევრები მოუწოდებენ ევროკავშირს შეწყვიტოს დამოკიდებულება აზერბაიჯანულ გაზზე, შეაჩეროს 2022 წლის ურთიერთგაგების მემორანდუმი ენერგეტიკის სექტორში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ და დაჟინებით მოითხოვონ ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება და სამართლებრივი რეფორმების განხორციელება. იყოს ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის სამომავლო პარტნიორობის შეთანხმების და ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის საერთო გაუმჯობესების წინაპირობა. ევროპარლამენტარები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ აზერბაიჯანმა უნდა გამოავლინოს მზადყოფნა, ერთგულად ჩაერთოს სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების მოლაპარაკებებში და პატივი სცეს მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებს.

ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას სომხეთისა და აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ევროპარლამენტი მტკიცედ უჭერს მხარს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დარეგულირებას ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის ორმხრივი აღიარების   პრინციპებით, 1991 წ. ალმა-ატას დეკლარაციის საფუძველზე. ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს მოთხოვნას აზერბაიჯანის არმიის გაყვანის შესახებ სომხეთის მთელი სუვერენული ტერიტორიიდან და მოუწოდებს აზერბაიჯანს პატივი სცეს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას.

მიღებული რეზოლუციით ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ რეგიონში კომუნიკაციების განბლოკვასთან დაკავშირებული პრობლემები უნდა გადაწყდეს ექსკლუზიურად სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით. ევროპის საბჭოს დეპუტატები აფრთხილებენ, რომ სომხეთის წინააღმდეგ ნებისმიერი სამხედრო ქმედება მიუღებელია და სერიოზულ გავლენას იქონიებს ევროკავშირისა და აზერბაიჯანის პარტნიორობაზე.

„ევროკავშირი მზად უნდა იყოს სანქციების გამოსაყენებლად ნებისმიერი პიროვნებისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებიც საფრთხეს უქმნის სომხეთის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

რეზოლუცია, რომელიც მიესალმება სომხეთის შეიარაღებული ძალებისთვის გამოყოფილ დახმარებას ევროპული მშვიდობის ფონდიდან, მოუწოდებს სომხეთ-ევროკავშირის თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში და ასევე გმობს ყოველგვარ სამხედრო აგრესიას, ძალის გამოყენებას ან ჰიბრიდულ მუქარას სომხეთი მიმართ.

ხაზს უსვამენ რა სომხეთში ევროკავშირის სამოქალაქო მისიის მნიშვნელობას, ევროპარლამენტარები გამოთქვამენ შეშფოთებას აზერბაიჯანიდან მომდინარე ცილისმწამებლური და კრიტიკული განცხადებებისა და კამპანიების გამო. ამ კონტექსტში, ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს მოუწოდებენ გაზარდონ და გააგრძელონ მისიის მანდატი.

მიესალმება რა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სადემარკაციო პროცესის ფარგლებში მიღწეულ პროგრესს, რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირს შეწყვიტოს ნებისმიერი ტექნიკური და ფინანსური დახმარება აზერბაიჯანისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს მისი სამხედრო ან უსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერებას, და მოუწოდებს წევრ ქვეყნებს სამხედრო და უსაფრთხოების ტექნიკის გაყინვასაც კი აზერბაიჯანში.

რეზოლუცია მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას გაათავისუფლოს 23-ვე სომეხი სამხედრო ტყვე. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ აზერბაიჯანს, შეასრულოს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები, მათ შორის, გადაწყვეტილება მთიანი ყარაბაღის სომხების უსაფრთხო, შეუფერხებლად და სწრაფი დაბრუნების შესახებ. რეზოლუცია მოუწოდებს, დაიწყოს ყოვლისმომცველი და გამჭვირვალე დიალოგი არცახელ სომხებთან და მისცეს ყველა საჭირო გარანტია მათ დაცვასთან, მიწისა და საკუთრების უფლებებთან დაკავშირებით. ევროკავშირის სტრუქტურები მას მოუწოდებენ გააგრძელოს სომხეთის მხარდაჭერა ჰუმანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილებაში მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებში.

ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ რა მთიანი ყარაბაღის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების გამო, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, თავი შეიკავონ რეგიონში კულტურული, რელიგიური თუ ისტორიული მემკვიდრეობის შემდგომი განადგურებისაგან, უგულებელყოფისგან ან ცვლილებისგან და ამის ნაცვლად მოუწოდებენ არსებული მდიდარი მრავალფეროვნების დაცვასა და ხელშეწყობაზე. ევროპარლამენტის დეპუტატები დაჟინებით მოითხოვენ, რომ აზერბაიჯანმა უნდა უზრუნველყოს იუნესკოს მისიისთვის აუცილებელი შესვლა მთიან  ყარაბაღში. რეზოლუცია მკაცრად გმობს საჯარო შეურაცხყოფას და პირდაპირ მუქარას ევროკავშირის წევრი ქვეყნების არჩეული თანამდებობის პირების მიმართ აზერბაიჯანის დიპლომატიური წარმომადგენლების ან აზერბაიჯანის მთავრობისა და პარლამენტის წევრების მიერ. ამ კონტექსტში ევროპარლამენტი ითხოვს, რომ აზერბაიჯანელი ოფიციალური პირების შესვლა ევროკავშირის სტრუქტურების შენობებში აიკრძალოს შემდგომ შეტყობინებამდე.

ნახეთ მეტი
Back to top button