პოლიტიკა

„პროკურატურას ვურჩევდი, მოეშვას პრეზიდენტთან ანგარიშსწორებას“ – ზურაბიშვილი

Netgazeti.ge წერს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება პროკურატურის მიერ მის გამოკითხვაზე დაბარებას.

დღევანდელ, 30 ოქტომბრის ბრიფინგზე პრეზიდენტმა აჩვენა საარჩევნო დარღვევების კადრები. „მათ არც ახსნა სჭირდება, არც განმარტება. პირდაპირ იკითხება, რა ხდებოდა და როგორ ჩატარდა 26 ოქტომბრის არჩევნები“, – აღნიშნა მან.

„თურმე პროკურატურა ჩემგან ელოდება მკტიცებულებებს. ვიცოდი, რომ პირიქით იყო – საგამოძიებო ორგანოს თვითონ უნდა მოეპოვებინა მტკიცებულებები. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ასე ხდება. არც ერთი პრეცედენტი არ ვიცი, საგამოძიებო უწყება პრეზიდენტს სთხოვდეს მტკიცებულებებს“, – თქვა პრეზიდენტმა.

მან ასევე მოუწოდა უწყებას, „მოეშვას პრეზიდენტთან ანგარიშსწორებას“:

„თქვენგან საზოგადოება ითხოვს გამოძიებას და არა ჩემს მტკიცებულებებს. არავინ ელოდება პროკურატურისგან ამ სიტუაციაში, პრეზიდენტზე დაიწყოს პოლიტიკური პროცესები. ისინი უცნაურად ემთხვევა მედვედევის გაცემულ მითითებებს. არ ვიცი, ვინ ასრულებს და ვინ არა. პროკურატურას ვურჩევდი, შეუდგეს თავის საქმეს და მოეშვას პრეზიდენტთან ანგარიშსწორებას“.

ნახეთ მეტი
Back to top button