რუსი ექსპერტი სომხეთს აფრთხილებს, არავითარ შემთხვევაში არ შეცვალოს კონსტიტუცია

აზერბაიჯანის მიერ კონსტიტუციის შეცვლის მოთხოვნის ფონზე სომხეთმა არაფერი არ უნდა შეცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს სისუსტედ აღიქმება და ბაქოს შემდგომი ნაბიჯების გადადგმაზე წაახალისებს. ამის შესახებ NEWS.am-ის ჟურნალისტთან საუბარში რუსმა პოლიტოლოგმა მიხეილ ალექსანდროვმა განაცხადა.
მან ხაზი გაუსვა არმიის გაძლიერებას, წვრთნების ჩატარებას, ირანთან მჭიდრო თანამშრომლობას და მისგან იარაღის ყიდვას.
“რატომ არ ხდება ეს? ეშინია ერევანს, რომ აშშ გააპროტესტებს? გააპროტესტოს, მათ სომხეთისთვის სასარგებლო არაფერი გაუკეთებიათ“, – დასძინა ექსპერტმა.
მან სომხეთს მონდომების გამოვლენისკენ მოუწოდა.
„არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაემორჩილოთ ამ ზეწოლას და არ წახვიდეთ დათმობებზე. გარდა ამისა, სომხეთს უფლება აქვს დაიცვას საკუთარი სახლებიდან გაძევებული მთიანი ყარაბაღის სომხების ინტერესები. მთიანი ყარაბაღის საკითხი არ უნდა გაქრეს სომხეთის საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგიდან, პირიქით, ის არის მომგებიანი იარაღი, რადგან აზერბაიჯანმა აჩვენა თავისი ნამდვილი სახე. მთელი წინა ათწლეულების განმავლობაში ბაქო აპროტესტებდა სავარაუდო ოკუპაციას და თავს მსხვერპლად წარმოაჩენდა, მაგრამ როგორც კი სომხეთმა ხელი გაუწოდა აზერბაიჯანს და მშვიდობა შესთავაზა, აზერბაიჯანმა მაშინვე გამოავლინა თავისი მხეცური, ფაშისტური ღიმილი. როგორც კი სომხეთმა გამოიჩინა კეთილი ნება, აზერბაიჯანის რეჟიმმა გამოავლინა თავისი ამბიციები სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ხელში ჩაგდების შესახებ. ახლა ყველა ხედავს, რომ აზერბაიჯანი არ იყო მსხვერპლი, რომ მთიანი ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის ქმედებები კვლავ თავდაცვითი იყო, რათა თავიდან აიცილონ სომხების განადგურება, როგორც ეს მოხდა სუმგაითში, ბაქოში და აზერბაიჯანის სხვა ადგილებში.
აგრესორმა უნდა გააცნობიეროს, რომ სომხეთისგან დათმობებს ვერ მიიღებს ასეთი შეტევებით, მაგრამ თუ დათმობა გაგრძელდა, აზერბაიჯანი გადაწყვეტს, რომ ძალის ზეწოლის მეთოდი მუშაობს და მომავალშიც გააგრძელებს მსგავს პროვოკაციებს“, – აღნიშნა პოლიტოლოგმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანი მუდმივად ამოწმებს თავისი შესაძლებლობების საზღვრებს.
„ლაჩინის დერეფნის ბლოკადის დაწყებას თუ გავიხსენებთ, ყველაფერი ეგრეთ წოდებული ყალბი აქტივისტების მოქმედებით დაიწყო. რუს სამშვიდობოებს რომ ისინი სწრაფად გაეძევებინათ იქიდან, ყველაფერი დამთავრდებოდა. ამის შემდეგ აზერბაიჯანმა ააგო გზები, რუსეთმა ისევ არაფერი გააკეთა, ისევე როგორც რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონის დაბომბვის შემდეგაც. საბოლოოდ აზერბაიჯანმა ჩაატარა ოპერაცია, უკვე დარწმუნებული იყო, რომ რუსეთი ხელსაც არ გაანძრევდა“, – დაასკვნა ალექსანდროვმა.







