აშშ საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას წყვეტს

შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა მთავრობის იმ გადაწყვეტილების გამო, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები 2028 წლამდე გადაიდო. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.
„ქართული ოცნების სხვადასხვა ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემას. შედეგად, შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა ამ მექანიზმის მოქმედება“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
„საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებით „ქართულმა ოცნებამ“ უარყო ევროპასთან დაახლოების შესაძლებლობა და საქართველო უფრო დაუცველი გახადა კრემლის წინაშე“, – ნათქვამია განცხადებაში.







