
სომხეთ-აშშ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაში გაწერილი ამბიციური მიზნების განსახორციელებლად სომხეთი მზად არის აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის გაგრძელებისათვის.
Armenpress-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ვაშინგტონში დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა.
მირზოიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი დიდად აფასებს აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ასევე, მან ხაზი გაუსვა აშშ-ის მნიშვნელობას სომხეთის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და ეკონომიკური მდგრადობის ხელშეწყობის პროცესში.
„ჩვენ ვაფასებთ აშშ-ის ჩართულობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილური და გრძელვადიანი მშვიდობის ხელშეწყობის საკითხში. მიგვაჩნია, რომ სტაბილურ და კეთილდღეობაზე ორიენტირებული სამხრეთ კავკასია რეგიონის ყველა მოთამაშისა და ფართო საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებშია. სომხეთი მზად არის აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობის გასაგრძელებლად ამ საერთო მიზნის მისაღწევად“, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მან ასევე განაცხადა, რომ გლობალური უსაფრთხოებისადმი საერთო ვალდებულების სულისკვეთებით, სომხეთი აპირებს შეუერთდეს „ისლამური სახელმწიფოს დამარცხების გლობალურ კოალიციას“ და ხაზგასმით აღნიშნა ქვეყნის ერთგულება საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. სომხეთი მიიჩნევს, რომ ერთობლივი ქმედებები აუცილებელია ამ საფრთხის მოსაგვარებლად
„მომავლისკენ ვიყურებით და ვაპირებთ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის გაგრძელებას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაში გათვალისწინებული ამბიციური მიზნების განსახორციელებლად.
ვიმედოვნებთ, რომ ეს ქარტია იქნება სომხეთსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავების მტკიცებულება და საერთო მიღწევებით აღსავსე მომავლის გზამკვლევი“, – დაასკვნა მირზოიანმა.







