სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი აზერბაიჯანიდან მოსულ განცხადებებს შემაშფოთებლად მიიჩნევს

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი შემაშფოთებელად მიიჩნევს აზერბაიჯანის მიერ სომხეთის წინააღმდეგ გაკეთებულ აგრესიულ განცხადებებს. ამის შესახებ არმენ გრიგორიანმა 23 იანვარს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ ინტენსიურ ფრენებს სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც, სავარაუდოდ, ბაქოში სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირებას ახდენენ. მაგრამ ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლებში ჩვენ ვმუშაობდით სხვადასხვა მიმართულებით, რათა შეგვექმნა რაც შეიძლება მეტი სტაბილურობა რეგიონში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფნა სომხეთში, რომელიც ვიმედოვნებთ, რომ მალე გაგრძელდება, სომხეთის ჩართვა რომის სტატუტში, რომელიც ჩვენი აზრით მნიშვნელოვანი ფაქტორია სტაბილურობის თვალსაზრისით, აგრეთვე სომხეთში მიმდინარე სამხედრო რეფორმები.
„ეს არის გარკვეული სტაბილურობის ფაქტორები და ჩვენ ამ ყველაფერს ერთად ვითვალისწინებთ“, – განაცხადა გრიგორიანმა და დასძინა, რომ შეფასებები სწორედ ამ ყველაფრის ფარგლებშია მოცემული.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 8 იანვარს აზერბაიჯანულ ტელევიზიებთან ინტერვიუში სომხეთს მორიგი მუქარით მიმართა. მან სომხეთის წინააღმდეგ ცრუ ბრალდებების მორიგი სერია წამოაყენა და განაცხადა, რომ „სომხეთი ფაშისტური სახელმწიფოა და ფაშიზმი ან გაანადგურებს სომხეთის ხელმძღვანელობას, ან ამას აზერბაიჯანი გააკეთებს“.
ალიევმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ეგრეთ წოდებული „ზანგეზურის დერეფნის“ ცრუ ნარატივი და განაცხადა, რომ დერეფანი აუცილებლად გაიხსნება.







