მსოფლიო ბანკი სომხეთში 1,7 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს

მსოფლიო ბანკის ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა სომხეთისთვის ახალი ხუთწლიანი პარტნიორობის ჩარჩო.
ბანკის პრესსამსახურის ცნობით, პროგრამის მიზანია სიღარიბის შემცირება და სამუშაო ადგილების შექმნასა და სტაბილურობის გაზრდაში წვლილის შეტანა.
აღნიშნულია, რომ სომხეთმა განვითარების მნიშვნელოვან წარმატებებს ბოლო წლებში მიაღწია. თუმცა, ინფრასტრუქტურული ხარვეზები, შიდა და უცხოური ინვესტიციების დაბალი დონე და მაღალი უმუშევრობა რჩება ზრდის ძირითად გამოწვევებად. სომხეთში განათლებისა და ჯანდაცვის არათანაბარი შედეგები ზღუდავს დასაქმებასა და პროდუქტიულობას. სოციალური დაცვის სისტემა საჭიროებს რეფორმას დაუცველი ჯგუფების უკეთ იდენტიფიცირებისა და მხარდაჭერისთვის კრიზისის დროს. სომხეთი ასევე განიცდის სერიოზულ რისკებს მიწისძვრებისგან და სულ უფრო დაუცველია კლიმატის ცვლილების მიმართ.
ახალი სტრატეგია მიზნად ისახავს ახალი, მაღალი ხარისხის სამუშაო ადგილების შექმნას, ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას ხარისხის ჯანდაცვის სისტემაზე ხელმისაწვდომობის გაფართოებით და სოციალური დაცვის გაუმჯობესებას.
,,სამუშაო ადგილების შექმნაზე, ადამიანურ კაპიტალსა და მდგრადობაზე ფოკუსირებით, ჩვენ მიზნად ვისახავთ სომხების ცხოვრების გაუმჯობესებას, რითაც დავეხმარებით ქვეყანას სამომავლო გამოწვევების გადალახვაში,“ – აღნიშნა მსოფლიო ბანკის სომხეთის დირექტორმა კეროლაინ გეგინატმა,.
ახალი სტრატეგიის განხორციელება ითვალისწინებს მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიო ბანკის ჯგუფის ინსტიტუტებს შორის, მათ შორის, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან (IBRD) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC).
რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ითვალისწინებს დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის დაფინანსებას, ხოლო საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია – 700 მილიონ დოლარამდე.







