„ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა შეაჩერა

საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ აჩერებს მუშაობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, განაცხადა ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა. მისი თქმით, საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციაში არსებული პირობები და დათქმები „მიუღებელია. უსამართლო და უსაფუძვლო“.
წულუკიანის თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოთხოვნა ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ „არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს“ და უგულებელყოფს ამომრჩეველთა ნებას, წერს სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ საქართველო რჩება ევროსაბჭოს წევრად და განაახლებს მუშაობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში „როცა უსამართლო მოპყრობა შეიცვლება და შანტაჟი შეჩერდება“.
შეგახსენებთ, რომ 29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი, დანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი მიმდინარე წლის აპრილისთვის და გადახედოს საკამათო კანონებს.







