400 მომხრე, 63 მოწინააღმდეგე – ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა 400 ხმით, 63-ის წინააღმდეგ მიიღო კრიტიკული რეზოლუცია საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გაუარესების შესახებ. ცნობას „ნეტგაზეთი“ აქვეყნებს.
რეზოლუციით, ევროპარლამენტარები არ აღიარებენ 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ იყენებენ ტერმინებს, როგორიცაა „თვითდანიშნული“, „თვითმარქვია“ და „თვითგამოცხადებული“.
ევროპარლამენტი მოითხოვს მზია ამაღლობელისა და სხვა პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, სანქციების დაწესებას როგორც ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების, ისე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისა და რეჟიმის მხარდამჭერი ბიზნესმენებისა და პროპაგანდისტების მიმართ.
რეზოლუცია მოუწოდებს როგორც ვიზალიბერალიზაციის, ისე საქართველოსთან 2014 წელს გაფორმებული ასოცირების შეთანხმების გადახედვისკენ.







