როგორც ერთმა თანამოქალაქემ, მინდა ვთხოვო, შეწყვიტოს შიმშილობა – გახარია ამაღლობელს

პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია მზია ამაღლობელს სთხოვს, შიმშილობა შეწვიტოს. ცნობას „ნეტგაზეთი“ აქვეყნებს.
გიორგი გახარიას თქმით, მზია ამაღლობელი ქვეყანას ჯანმრთელი სჭირდება.
„დღეს ექიმები მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე ალაპარაკდნენ, რაც, სამწუხაროდ, ნიშნავს იმას, რომ მისი მდგომარეობა, სავარაუდოდ, იმაზე რთულია, ვიდრე გვეუბნებიან.
მზია ამაღლობელმა არამხოლოდ ქვეყანას, მთელ მსოფლიოს აჩვენა ძალა – სიმართლის, სიმტკიცის, შეუპოვრობის, საკუთარი სამშობლოსთვის ბრძოლის. მან ივანიშვილის მოძალადე ხელისუფლება სრულად გააშიშვლა ფლიდი მორალისგან.
მზია ამაღლობელი ამ ბრძოლაში ჩვენს ქვეყანას ჯანმრთელი სჭირდება. ამიტომ, მე როგორც მისმა ერთმა რიგითმა თანამოქალაქემ, მინდა მას ვთხოვო, შეწყვიტოს შიმშილობა“, – წერს გახარია Facebook-ზე.
მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად 37 დღეა შიმშილობს. ის კვლევების ჩატარების მიზნით 4 თებერვალს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს და ამ დრომდე იქ რჩება.







