რუსულმა „აზიმუტმა“ თბილისამდე ისევ ვერ ჩამოაღწია – ავიაკომპანიის თვითმფრინავების ტექნიკური ინციდენტები გრძელდება

bpn.ge წერს, რომ რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის“ სამგზავრო თვითმფრინავის ეკიპაჟი, რომელიც მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით მიფრინავდა, ტექნიკური პრობლემის გამო იძულებული გახდა, ვნუკოვოს აეროპორტში დაბრუნებულიყო.
ამის შესახებ ავიაკომპანიის პრესსამსახურის განცხადებაში წერია.
საუბარია A47107-ის რეისზე, რომელიც 19 თებერვალს უნდა შესრულებულიყო.
„აზიმუტმა“ პირობა დადო, რომ მგზავრებს თბილისში სარეზერვო თვითმფრინავით ჩაიყვანს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა „აზიმუტის“ თვითმფრინავი ტექნიკური პრობლემის გამო რეისს აგდებს. სულ ახლახან, 2 თებერვალს „აზიმუტის“ Sukhoi Superjet-ი, რომელიც თბილისიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა, პულკოვოს აეროპორტში ავარიულად დაეშვა. წინასწარ მიზეზად ძრავის ტექნიკური პრობლემა დასახელდა. ბორტზე გაუმართაობის სიგნალი ჩაირთო. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.
ასევე, 2024 წლის 26 დეკემბერს ავიაკომპანიის ორი თვითმფრინავი ტექნიკური პრობლემების გამო დროულად ვერ გაფრინდა. კერძოდ, Sukhoi Superjet 100-მოდელის თვითმფრინავი ბათუმიდან მოსკოვში უნდა გაფრენილიყო, თუმცა ასაფრენ ბილიკზე აჩქარებისას დამუხრუჭდა. მგზავრებმა ითხოვეს, თვითმფრინავი დაეტოვებინათ, რომლებსაც შემდეგ აეროპორტში წყალი დაურიგეს და აფრენისას წარმოქმნილი პრობლემის შესახებ აცნობეს. მოგვიანებით ავიაკომპანიამ განაცხადა, რომ ტექნიკური მიზეზების გამო თვითმფრინავი შეიცვალა.
იმავე დღეს, ასევე, დროულად ვერ აფრინდა A4 6050-რეისი უფა-მინვოდის მიმართულებით. მგზავრების თქმით, Sukhoi Superjet 100-ის ასაფრენად მომზადების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ კაპიტანმა გადაწყვიტა, თვითმფრინავი სადგომზე დაებრუნებინა. პარალელურად, აეროპორტის თანამშრომლები რამდენჯერმე მიუახლოვდნენ თვითმფრინავს და ერთ-ერთი ძრავა დაათვალიერეს. შედეგად თვითმფრინავი მინვოდის მიმართულებით მხოლოდ ექვსი საათის შემდეგ გაფრინდა.
მანამდე, 24 ნოემბერს „აზიმუტის“ SSJ-100-ლაინერი ანტალიის აეროპორტში მძიმედ დაეშვა, რის შემდეგაც „როსტრანსნადზორმა“ და „როსავიაციამ“ ავიაკომპანიის თვითმფრინავების ინსპექტირება ჩაატარეს. შემოწმების შემდეგ გადამზიდავზე ხუთი მითითება გაიცა, რომელიც ავიაკომპანიას მიმდინარე წლის თებერვლამდე უნდა გამოესწორებინა. თუმცა უწყებებმა „აზიმუტის“ მუშაობა არ შეზღუდეს და ავიაკომპანიამ ფრენა გააგრძელა.
დასავლური სანქციების გამო რუსეთის ავიაციაში დეტალების დეფიციტია. შედეგად ბოლო სამი წლის განმავლობაში Sukhoi Superjet 100-თან დაკავშირებით ტექნიკური ინციდენტების რაოდენობა გაორმაგდა. მაგალითად, სპეციალიზებულ Telegram-არხ Aviaincident-ის თანახმად, თუ 2021 წლის ბოლოს, სულ მცირე, 134 ინციდენტი დაფიქსირდა, 2023 წლის დეკემბერში მათი რაოდენობა 289-მდე გაიზარდა. რუსი მწარმოებლები პირობას დებენ, რომ სრულად იმპორტჩანაცვლებული დეტალებით Sukhoi Superjet-100 2026 წელს გამოვა, თუმცა ექსპერტებს SSJ 100-ის ამ პერსპექტივაში ეჭვი შეაქვთ. საქმე ისაა, რომ ამჟამინდელი ლაინერები აღჭურვილია რუსულ-ფრანგული ძრავით ამერიკული განვითარებით, ხოლო მასში შემავალი მრავალი კომპონენტის ანალოგი არ არსებობს.
ცნობისთვის: Azimuth Airlines დონის როსტოვის პლატოვის საერთაშორისო აეროპორტში არის ბაზირებული. ავიაკომპანიამ თბილისი-მოსკოვი-თბილისის საჰაერო ხაზზე ოპერირება 2023 წლის 17 მაისიდან დაიწყო. ის ქუთაისისა და ბათუმის მიმართულებითაც დაფრინავს და რეისებს, როგორც მოსკოვიდან, ისე სანქტ-პეტერბურგიდან, უფადან და სოჭიდან ასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის მიხედვით ქართულ ბაზარზე „აზიმუტი“ მე-11 ადგილზეა და მისი წილი 2%-ს შეადგენს.







