ამ კვირას: შვიდივე პლანეტა ერთ ხაზზე

ამ კვირაში კოსმოსის მოყვარულებს დაუვიწყარი სანახაობა ელის. შვიდივე პლანეტა – მარსი, იუპიტერი, ურანი, ვენერა, ნეპტუნი, მერკური და სატურნი – ერთ ხაზზე ხილული იქნება დედამიწის საღამოს ცაზე.
ეს ფენომენი ცნობილია როგორც პლანეტარული აღლუმი, როდესაც რამდენიმე პლანეტა ერთმანეთთან ახლოს დგას და დედამიწიდან დათვალიერებისას იქმნება ილუზია, რომ ისინი ერთ რიგში დგანან, წერს BBC რუსული სამსახური.
ამ ასტრონომიული ფენომენის (მეცნიერულ საზოგადოებაში ხშირად მოიხსენიება, როგორც პლანეტარული განლაგება) დაკვირვება შესაძლებელია 21 იანვრიდან 28 თებერვლამდე.
ეს იქნება ბოლო შემთხვევა 2040 წლამდე, როდესაც შვიდი პლანეტა ასე ხელსაყრელად მოეწყობა დედამიწას.
პლანეტების მაქსიმალური რაოდენობის სანახავად საუკეთესო დრო იქნება ამ კვირაში მზის ჩასვლისთანავე, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს.
ოთხი პლანეტა – მერკური, ვენერა, იუპიტერი და მარსი – შეუიარაღებელი თვალით იქნება ხილული.
სატურნი უფრო რთულია, რადგან ის ჰორიზონტზე დაბლა იქნება. თქვენ დაგჭირდებათ ტელესკოპი, რომ დაინახოთ დანარჩენი ორი პლანეტა, ურანი და ნეპტუნი. ჰორიზონტის კარგი ხედვით და მოწმენდილი ცის შემთხვევაში, შვიდივე პლანეტის ნახვის უკეთესი შანსი იქნება.
თუმცა, ეს შესაძლებლობა ძალიან მოკლე იქნება. მზის ჩასვლისას სატურნი და მერკურიც ჩავა, რაც მათ დაკვირვებას განსაკუთრებით ართულებს.
”მხოლოდ რამდენიმე წუთი გექნებათ მათი სანახავად მზის ჩასვლის შემდეგ, სანამ ისინი ჰორიზონტს ქვემოთ დაეცემა. ამის შემდეგ, თქვენ შეძლებთ ნათლად დაინახოთ ვენერა, იუპიტერი და მარსი დიდი ხნის განმავლობაში“, – თქვა გრინვიჩის სამეფო ობსერვატორიის ასტრონომმა ედვარდ ბლუმერმა.







