სომხეთში ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი ქარხანა შენდება

სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა არარატის რეგიონში მშენებარე ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი ქარხანა მოინახულა.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ განცხადება სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა.
პროექტის განხორციელებისთვის ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 20 მილიონი აშშ დოლარი იქნება. ქარხანა საშუალებას მისცემს სომხეთს განახორციელოს ნავთობპროდუქტების რამდენიმე სახეობის საბოლოო ადგილობრივი წარმოება, რაც უზრუნველყოფს 100-ზე მეტ სამუშაო ადგილს და ჩართავს 400-მდე სპეციალისტს სხვადასხვა სფეროდან პროექტის განვითარების მთელი პროცესის განმავლობაში.
საინვესტიციო პროგრამა ითვალისწინებს ნავთობპროდუქტებისა და ბიტუმის საწყობების, ბიტუმის წარმოების ქარხნის, ნახშირწყალბადების გადამამუშავებელი ქარხნის ეტაპობრივ მშენებლობას და სხვადასხვა სახის ნავთობპროდუქტების ადგილობრივი წარმოების ორგანიზებას.
აღსანიშნავია, რომ ბიტუმის წარმოების მოცულობების სრული რეალიზაცია შესაძლებელს გახდის ამ პროდუქტზე არა მარტო სომხური, არამედ რეგიონული მოთხოვნილების უზრუნველყოფას.
მინისტრმა Sil Capital-ის დამფუძნებლისა და გამგეობის თავმჯდომარე ედუარდ სუქიასიანის თანხლებით ქარხანა დაათვალიერა და მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებს გაეცნო.
„ჩვენს პოლიტიკაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ეკონომიკურად უფრო რთული პროდუქციის მიღება, ანუ მარტივი ნედლეულის წარმოებიდან საბოლოო საქონლის წარმოებაზე გადასვლა. ამ კონტექსტში ქარხანა ამ პოლიტიკის მატარებელია, რადგან ნახევარფაბრიკატები, ფაქტობრივად, საბოლოო პროდუქტად გარდაიქმნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა გევორგ პაპოიანმა ვიზიტის შედეგების შეჯამებისას.








