საერთაშორისო

შეიქმნა „ქართული სტუმარმასპინძლობის ფონდი“ – ვის და როგორ დაეხმარებიან?

როგორც BM.GE წერს, სტუმარმასპინძლობის სფეროში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერის მიზნით, „ქართული სტუმარმასპინძლობის ფონდი“ შეიქმნა.

ფონდის დამფუძნებლები ვახო კანდელაკი და ანა კოშაძე არიან.

როგორც BMG-ის ფონდიდან აცნობეს, „ქართული სტუმარმასპინძლობის ფონდის“ მიზანია, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული არასტაბილურობის ფონზე, ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესებს, სტუმრებისა და ვიზიტორების სიმცირის მიუხედავად, გააგრძელონ ფუნქციონირება და შეუნარჩუნონ სამუშაო ადგილები დასაქმებულებს.

ქართული სტუმარმასპინძლობის ფონდის პირველი მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“. ფინანსური ინსტიტუტის მხრიდან განხორციელებული დონაცია კი 400 000 ლარია.

ფონდი საკუთარ საქმიანობას შემომწირველთა მხარდაჭერით ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ დახმარების მსურველებისთვის (შემომწირველებისთვის) შეიქმნა www.ghfund.ge, სადაც ხელმისაწვდომია ყველა სახის ინფორმაცია ფონდის საქმიანობის და განხორციელებული დონაციების შესახებ.

„ქართული სტუმარმასპინძლობის ფონდში“ აცხადებენ, რომ ბენეფიციარი კომპანიები შემუშავებულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეირჩევა.

კერძოდ, იმისათვის, რომ კომპანია მოხვდეს დახმარების მსურველთა სიაში, ის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • უნდა ჰქონდეს მინიმუმ 2-წლიანი ფუნქციონირების ისტორია;
  • 2023 წლიდან დღემდე იყოს დღგ-ს გადამხდელი;
  • ჰქონდეს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა – შპს სტატუსი;
  • წლიური ბრუნვა არ უნდა აღემატებოდეს 1 000 000 ლარს.

განმცხადებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და ფონდის შიდა პროცედურების საფუძველზე, ფონდის კომისია განსაზღვრავს კომპანიების ზარალს და შეაფასებს თუ რამდენად ესაჭიროება მას დახმარება.

განაცხადის შევსება 30 მარტის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. „განაცხადების მიღების პერიოდის დასრულების შემდეგ, დაიწყება მონაცემების დადარების და მოწოდებული ინფორმაციის სანდოობის შემოწმების პროცესი, მოხდება კომპანიების სიის შედგენა, რის შემდეგაც, ფონდი დაუკავშირდება ბიზნესის წარმომადგენელს და ინდივიდუალური გასაუბრების შემდეგ მოხდება დახმარების გაცემა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დახმარების ოდენობა განისაზღვრება კომპანიის სიდიდის და წლიური ბრუნვის მიხედვით – შპს-ის წლიური ბრუნვის 2%-5%.

მეტი გამჭვირვალობისთვის ბენეფიციარების სია გამოქვეყნდება ააიპ “ქართული სტუმარმასპინძლობის ფონდის” ვებგვერდზე www.ghfund.ge. შემომწირველების სია ასევე გამოქვეყნდება ვებგვერდზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემომწირველს ანონიმურად დარჩენის სურვილი აქვს.

„სტუმარმასპინძლობის სფეროს განვითარება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური, სოციალური და კულტურული კუთხით – რადგან მხოლოდ სტუმარმასპინძლობის სექტორი ათასობით სამუშაო ადგილს ქმნის დედაქალაქში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მცირე ტიპის რესტორნები, საოჯახო სასტუმროები და ადგილობრივი საწარმოები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სექტორის გაძლიერებაში.

თუმცა აღნიშნული სფერო განსაკუთრებით მგრძნობიარეა ქვეყანაში არსებული არასტაბილური გარემოს მიმართ. ტურისტების ნაკადის შემცირებამ და არასტაბილურმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ, რიგი პრობლემები შეუქმნა ამ სექტორში არსებულ კომპანიებს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს. შედეგად, გაჩნდა იდეა, შექმნილიყო საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესებს, სტუმრების და ვიზიტორების სიმცირის მიუხედავად, დარჩნენ ბაზარზე, შეძლონ ფუნქციონირება და სამუშაო ადგილები შეუნარჩუნონ დასაქმებულებს.

ჩვენი ფონდის პირველი მხარდამჭერი “საქართველოს ბანკია”. ჩვენ მადლობას ვუხდით მას, გაღებული დონაციისთვის და მოვუწოდებთ სხვა მსხვილ ბიზნესებს, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, გვერდში დაუდგნენ პატარა კომპანიებს და გასწიონ დახმარება”, – აღნიშნულია ფონდის განცხადებაში.

„ქართული სტუმარმასპინძლობის ფონდის” მიზნებზე და ზოგადად, სექტორში არსებულ გამოწვევებზე, დღეს, 21:30 საათზე, BMGTV-ზე, გადაცემა “წერტილში” ფონდის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი დამფუძნებელი ვახო კანდელაკი ისაუბრებს.

ნახეთ მეტი
Back to top button