
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა და უსაფრთხოება მთელი რეგიონის სტაბილურობის მთავარი ფაქტორებია და თბილისი მოხარულია, რომ ერევანმა და ბაქომ იპოვეს მშვიდობის გზა.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიუ დელიში გამართული კონფერენციის „Raisin Dialogue 2025“ ფარგლებში განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ორი ქვეყნისთვის, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიისთვის.
„საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა მეზობლების, სომხეთისა და აზერბაიჯანის ძალისხმევას და მოხარული ვართ, რომ მათ იპოვეს გზა მშვიდობისაკენ, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის“, – აღნიშნა ქართველმა მინისტრმა.
სომხეთმა და აზერბაიჯანმა 13 მარტს განაცხადეს, რომ მიაღწიეს საბოლოო შეთანხმებას სამშვიდობო შეთანხმების პროექტის ტექსტზე. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ მზადაა დაიწყოს დისკუსია ბაქოსთან შეთანხმების ხელმოწერის ვადისა და ადგილის შესახებ. ბევრი ქვეყანა უკვე მიესალმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე შეთანხმებას და გამოთქვა იმედი, რომ მას რაც შეიძლება მალე მოეწერება ხელი.







