ეკონომიკა

Tbilisi Dry Port-მა ავტორიზაცია უკვე მიიღო – პორტი ოპერირების დაწყებას უახლოეს პერიოდში გეგმავს

interpressnews.ka წერს, რომ სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მართვისა და ოპერირებისთვის პირველი უსაფრთხოების ავტორიზაცია გაიცა. ამის შესახებ ინფორმაციას სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ავტორიზაცია მიენიჭა შპს „თბილისი დრაი პორტს”, რომელიც მისასვლელი ლიანდაგით სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში ოპერირებას იწყებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული “სარკინიგზო უსაფრთხოების წესის” თანახმად, 2025 წლის 1 იანვრიდან მისასვლელი ლიანდაგის მფლობელები, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მართვისა და ოპერირებისთვის უნდა ფლობდნენ უსაფრთხოების ავტორიზაციას.

„დღეს პირველი უსაფრთხოების ავტორიზაცია მიენიჭა ინფრასტრუქტურის მენეჯერს, შპს „თბილისი დრაი პორტს“, რომელიც არის სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მფლობელი. განაცხადების მიღება გრძელდება. პროცესის ეფექტურად წარსამართად, სააგენტო აქტიურად უწევს კონსულტაციას და თანამშრომლობს დარგში მოქმედ სარკინიგზო საწარმოებთან და

ინფრასტრუქტურის მენეჯერებთან. მათ მიეწოდათ ყველა საჭირო ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა უზრუნველყონ, ახალი სარკინიგზო წესების დაკმაყოფილება“, – განაცხადა სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ერეკლე კეჟერაშვილმა.

მისივე თქმით, დარგში მოქმედი კომპანიებისთვის უსაფრთხოების ავტორიზაციის სისტემის ამოქმედება ხელს შეუწყობს სარკინიგზო უსაფრთხოების დონის გაუმჯობესებას, ამასთან უზრუნველყოფს ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილებას, სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში.

როგორც ცნობილია, უსაფრთხოების ავტორიზაციის მისაღებად, მისასვლელი ლიანდაგის მფლობელებმა დადგენილი ფორმის განცხადებით მიმდინარე წლის 1-ელ მაისამდე უნდა მიმართონ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს. სარკინიგზო სისტემაში უკვე მოქმედი სუბიექტებისთვის დაწესებულია გარდამავალი პერიოდი; განცხადების 1-ელ მაისამდე წარდგენის შემთხვევაში მოქმედ ინფრასტრუქტურის მენეჯერებს უწყვეტად შეეძლებათ საქმიანობის გაგრძელება, სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.

შეგახსენებთ, რომ Tbilisi Dry Port განლაგებულია კასპიის ზღვასა და შავ ზღვას შორის, შუა დერეფნის შუაგულში და ერთმანეთთან დააკავშირებს საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის შავი ზღვის პორტებს. 2024 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ AD Ports Group-ი Tbilisi Dry Port-ის 60%-იანი წილის მფლობელი გახდა.

მაშინ AD Ports Group-ი იტყობინებოდა, რომ პროექტი სამ ფაზად განხორციელდება. პროცესების დასრულების შემდეგ ობიექტის საწყობი განლაგებული იქნება 100 000 კვ.მ-ზე და 286 ათას TEU საკონტეინერო ტვირთს გაატარებს.

ცნობისთვის, პორტის გახსნა სწორედ მიმდინარე წლის გაზაფხულზეა დაანონსებული.

ნახეთ მეტი
Back to top button