
სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარე ალენ სიმონიანი აცხადებს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები ჩიხში არ არის შესული და განხილვები გრძელდება.
როგორც Armenpress-ი იუწყება, ამის შესახებ ალენ სიმონიანმა ეროვნული კრებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პასუხი გასცა რა ჟურნალისტის კითხვაზე, შესულია თუ არა ჩიხში მოლაპარაკებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.
„ამ ეტაპზე გვაქვს შეთანხმებული დოკუმენტი. გარდა ამისა, სანკტ-პეტერბურგში ხანმოკლე საუბარი მქონდა აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარესთან. ვფიქრობ, ჩიხზე საუბარი არ არის სწორი. აზერბაიჯანული მხარის ინტერესშიცაა პროცესის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება, რითაც ჩვენ აქტიურად ვართ დაკავებული“, – აღნიშნა ეროვნული კრების თავმჯდომარემ.
მისი თქმით, მოლაპარაკებები ჩიხში არ მოემწყვდება და ომის ალბათობა არავითარ შემთხვევაში არ გაიზრდება. „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მშვიდობის დღის წესრიგი რეალობად იქცეს“, – განაცხადა სიმონიანმა.
აზერბაიჯანული შეიარაღებული ძალების მიერ სომხური დასახლებული პუნქტების მიმართულებით განხორციელებულ სროლებზე საუბრისას სიმონიანმა აღნიშნა, რომ ამას ყურადღებას აქცევენ და შესაბამის დასკვნებს აკეთებენ, მაგრამ მათი მიზანია მშვიდობის დღის წესრიგის განხორციელება.
სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარე ალენ სიმონიანი 17 აპრილს დაესწრო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომას. ამ სხდომას ასევე ესწრებოდა აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა.







