ეკონომიკა

აშშ-ის ელჩი სომხეთის ატომურ ენერგეტიკულ სექტორს ამერიკული კომპანია Westinghouse-ის წარმომადგენლებთან განიხილავს

შეერთებული შტატების ელჩი სომხეთში კრისტინა ქუინი შეხვდა ამერიკული კომპანია Westinghouse-ის წარმომადგენლებს სომხეთის ატომური ენერგეტიკის სექტორის განსახილველად.

Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ განცხადება სომხეთში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა.

„ამერიკულ კომპანიებს აქვთ მნიშვნელოვანი გამოცდილება და ფლობენ ინოვაციურ ტექნოლოგიებს, რომლებსაც შეუძლიათ ხელი შეუწყონ სომხეთის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფას, რაც სარგებელს მოუტანს როგორც აშშ-ს, ასევე სომხეთს“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

Westinghouse Electric Company არის ამერიკული კომპანია, რომელიც მუშაობს ბირთვული ენერგეტიკის სექტორში. 2023 წელს კომპანიამ წარმოადგინა 300 მეგავატი სიმძლავრის კომპაქტური მოდულური რეაქტორების შექმნის პროექტი. მოდულური რეაქტორების სერტიფიცირება 2027 წელს, ხოლო გენერალურ ქსელთან მათი მიერთება 2033 წლიდან იგეგმება.

სომხეთმა და შეერთებულმა შტატებმა 2025 წლის იანვარში მოაწერეს ხელი სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს, რომელიც მოიცავს დებულებას ბირთვული თანამშრომლობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ („123 შეთანხმება“).

2023 წლის მაისში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გამოაცხადა, რომ სომხეთის დელეგაცია გაემგზავრება შეერთებულ შტატებში, რათა გაეცნოს მოდულარული ატომური ელექტროსადგურების შესაძლებლობებს. “სამწუხაროდ, ჩვენს მოქმედ ატომურ ელექტროსადგურს აქვს ვადა, რის შემდეგაც ჩვენ ვერ ვიმუშავებთ. ახლა ჩვენ ძალიან აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს რამდენიმე პარტნიორთან ატომური ელექტროსადგურის აშენების საკითხზე, ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს როგორც რუსეთთან, ასევე აშშ-სთან და მესამე ქვეყნებთან. ახლა განვიხილავთ ამ ვარიანტებიდან რომელია უფრო მომგებიანი ეკონომიკურად”, – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთში მოქმედი ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადა 2036 წელია.

ნახეთ მეტი
Back to top button