
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 28-29 აპრილს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ვიზიტის ფარგლებში, ყაველაშვილი შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანთან და სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-თან.
ეს მიხეილ ყაველაშვილის პირველი ვიზიტია სომხეთში საქართველოს პრეზიდენტის რანგში. „მისი მიზანია საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავება“, – ნათქვამია ვიზიტის შესახებ პრეზიდენტის განკარგულებაში.
სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა გასულ წელს ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას და ისტორიულ გადაწყვეტილებას მეგობრობის განმტკიცების ახალი იმპულსი უწოდეს. „ეს მიღწევა ჩვენი ერთობლივი ძალისხმევისა და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შედეგია და ასახავს ჩვენს ერთიანობასა და მიზანდასახულობას“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
საქართველოს დელეგაციის ერევანში ვიზიტის დროს, მხარეები გეგმავენ განიხილონ ორმხრივი ურთიერთობების პროცესი სხვადასხვა სფეროში, პოლიტიკურიდან დაწყებული სავაჭრო-ეკონომიკურამდე, სადაც უკვე უპრეცედენტო ზრდა ფიქსირდება.
ბოლო წლებში ერევანმა და თბილისმა, საზღვრის მოდერნიზაციის ფარგლებში, ასევე მოახდინეს ორი სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება.
შეხვედრების დღის წესრიგში ასევე იქნება რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის, ასევე კომუნიკაციების განბლოკვის საკითხები.
სხვათა შორის, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტი პირველად „აბრეშუმის გზის“ საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინა და დაარწმუნა, რომ ის სომხეთს, საქართველოს და რეგიონის სხვა ქვეყნებს ძალიან კონკრეტულ და ხელშესახებ პერსპექტივებს ჰპირდება.
თბილისი კვლავ გამოხატავს მზადყოფნას, ითამაშოს ნეიტრალური როლი სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებებში. საქართველოს პრეზიდენტი ერევანში ვიზიტამდე ბაქოში იმყოფებოდა, სადაც მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფაში.







