
29 აპრილს, სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა მისმა უწმინდესობამ გარეგინ II-მ, სომხეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს, წმინდა ეჯმიაწინის მთავარ საკათედრო ტაძარში უმასპინძლა.
სომხეთის პატრიარქი მიესალმა პრეზიდენტის ვიზიტს სომხეთსა და წმინდა ეჯმიაწინის მთავარ საკათედრო ტაძარში და ისაუბრა ორ ხალხს შორის საუკუნოვან მეგობრობაზე. ამასთან დაკავშირებით, მისმა უწმინდესობამ აღნიშნა, რომ ისტორიის განმავლობაში სომეხმა და ქართველმა ხალხებმა, ქრისტიანულ რწმენასა და ღირებულებათა სისტემაზე დაყრდნობით, შეძლეს მრავალი სირთულისა და განსაცდელის გადალახვა, ეროვნული იდენტობისა და ხასიათის შენარჩუნება.
ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა მადლიერება გამოხატა საქართველოს ხელისუფლების მიერ თხუთმეტი სომეხი სამხედრო ტყვეს დაბრუნების საკითხში გაწეული შუამავლობის ძალისხმევისთვის, ასევე საქართველოში სომხური თემის მიმართ მათი მზრუნველი დამოკიდებულებისთვის.
ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ასევე გადასცა ძმური მოკითხვა და საუკეთესო სურვილები მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს.
თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, კმაყოფილებით შეაფასა სომხეთში ოფიციალური ვიზიტის შედეგები და ხაზი გაუსვა ქრისტიანული სარწმუნოების განსაკუთრებულ როლს ორი ხალხის სულიერი, კულტურული და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებასა და ისტორიის განმავლობაში მათ წინაშე მდგარი გამოწვევების დაძლევაში. პრეზიდენტმა მის უწმინდესობას დაარწმუნა, რომ საქართველო გააგრძელებს შუამავლობის ძალისხმევას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად და პატიმრების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.
და ბოლოს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, სასულიერო პირებთან ერთად, დედა ტაძარი მოინახულა და განახლებული საკურთხევლის ისტორიას გაეცნო.







