ლევან მოსეშვილი – 2025 წლის პირველი ოთხი თვე საქართველოს აეროპორტებისთვის ისტორიულად რეკორდული იყო

საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები იანვარ-აპრილში ისტორიულად ყველაზე მეტ მგზავრს მოემსახურა. აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, 2025 წლის ოთხ თვეში ისტორიული მაქსიმუმი – 2,182,811 მგზავრი და 9,908 რეისი დაფიქსირდა. ცნობას 1TV აქვეყნებს.
ლევან მოსეშვილის თქმით, მგზავრთნაკადის კუთხით, 2025 წლის იანვარ-აპრილი, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეკორდული იყო.
„2025 წლის პირველი ოთხი თვე საქართველოს აეროპორტებისთვის რეკორდული იყო. ჩვენ შევძელით და იანვარ-აპრილის პერიოდში, ჯამურად ყველა საერთაშორისო აეროპორტში, ორ მილიონზე მეტ მგზავრს მოვემსახურეთ, რაც წინა წელთან შედარებით 13%-იან ზრდას წარმოადგენს. მგზავრთნაკადის ზრდის ფონზე, მინდა, გამოვყო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, სადაც აპრილის თვეში მგზავრთნაკადის 49%-იანი ზრდა გვაქვს, რაც ნამდვილად ისტორიული რეკორდია შარშანდელ აპრილთან შედარებით“, – განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის თქმით, საქართველოს ავიაბაზარზე წელს ოთხი ახალი ევროპული ავიაკომპანია შემოვიდა, მათ შორის წამყვანი ბრიტანული კომპანიები.
„ზაფხულის სეზონზე ველოდებით, რომ ოპერირებას კიდევ ერთი ევროპული კომპანია, Air Serbia დაიწყებს. ასევე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დაემატება სრულიად ახალი – ლიონის მიმართულება, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. ამ ფონზე მოლოდინები მომდევნო თვეებში მგზავრთა ნაკადების ზრდის კუთხით კიდევ უფრო პოზიტიური გვაქვს“, – განაცხადა ლევან მოსეშვილმა.







