
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ტირანაში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-6 სამიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტას და ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლეიენს შეხვდა.
შეხვედრის დროს განიხილეს სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავებისკენ მიმართული დღის წესრიგის საკითხები და ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის უწყვეტი განვითარების მნიშვნელობას, განსაკუთრებით დემოკრატიის გაძლიერების, ეკონომიკური ინტეგრაციის, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და რეფორმების სფეროებში.
ნიკოლ ფაშინიანმა მაღალი შეფასება მისცა ევროკავშირის თანმიმდევრულ მხარდაჭერას სომხეთში განხორციელებული რეფორმების მიმართ და ხაზი გაუსვა სომხეთის მთავრობის მზადყოფნას, გააგრძელოს ევროკავშირთან თანამშრომლობა, რაც უზრუნველყოფს თანამშრომლობის ახალ და ეფექტურ ეტაპს.
ევროსაბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებმა, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა სომხეთის დემოკრატიული პროგრესის მიმართ და მიესალმნენ სომხეთის მიერ რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებს.

ანტონიო კოშტა და ურსულა ფონ დერ ლეიენი მიესალმნენ და მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნიეს სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონის მიღება. მათ ასევე ხაზი გაუსვეს ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის ორმხრივი დაჩქარების მნიშვნელობას.
ევროკავშირის წარმომადგენლები მიესალმნენ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე შეთანხმებას და ხაზი გაუსვეს მის მნიშვნელობას რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის. მათ ხაზი გაუსვეს ევროკავშირის მზადყოფნას, გააგრძელოს სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერა და ხელი შეუწყოს რეგიონში გრძელვადიანი სტაბილურობის დამყარებას.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სომხეთის მთავრობის პროექტს „მშვიდობის გზაჯვარედინი“. ანტონიო კოშტა და ურსულა ფონ დერ ლაიენი მიესალმნენ პროექტს და ხაზი გაუსვეს რეგიონული საკომუნიკაციო არხების განბლოკვის მნიშვნელობას.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს დიალოგის უწყვეტობას და შეთანხმდნენ, რომ აქტიურად ითანამშრომლებენ შემდგომ ნაბიჯებზე, ორმხრივი ინტერესის მქონე ყველა საკითხის გათვალისწინებით.







