მთავარიპოლიტიკა

ირანი დაინტერესებულია სომხეთთან მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებით. აზიზ ნასირზადე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო ირანის თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის მინისტრის, ბრიგადის გენერალ აზიზ ნასირზადეს ხელმძღვანელობით დელეგაცია, რომელიც ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვია.

როგორც იუწყება Armenpress-ი  სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურზე დაყრდნობით, ნიკოლ ფაშინიანმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ სომხეთ-ირანის ურთიერთობები მაღალი ტემპით ვითარდება, რაც ბუნებრივ ორმხრივ ინტერესებზეა დაფუძნებული. ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკურ ნებას თანამშრომლობის გაფართოებისა და გაღრმავების კუთხით. პრემიერ-მინისტრმა მნიშვნელობა მიანიჭა არსებული შესაძლებლობების სრულ რეალიზაციას და ამ მიმართულებით თანმიმდევრული ნაბიჯების განხორციელებას.

აზიზ ნასირზადემ პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს გადასცა ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშკიანის გულთბილი მოკითხვა და აღნიშნა, რომ ირანი დაინტერესებულია სომხეთთან მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებით. ამ უკანასკნელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ირანის უპირობო მხარდაჭერას სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

თანამოსაუბრეებმა განიხილეს სომხეთ-ირანის თანამშრომლობის დღის წესრიგთან და რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები.

ნახეთ მეტი
Back to top button