ზურაბიშვილი: “გამარჯვებულია ერთი ქალი, რომელიც ყველას უძლებს, მზია – ის არის ჩვენი ღირსება”

როგორც „ნეტგაზეთი“ წერს, სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვიდა რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე. მან შეკრებილებს სიტყვით მიმართა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
მან ხაზი გაუსვა განსაკუთრებული თარიღების აღნიშვნას ისეთ დროს, როდესაც ქვეყანას ათეულობით პოლიტპატიმარი ჰყავს და დღევანდელი ღონისძიების კონტექსტი იმით ახსნა, რომ ქართველი ხალხი, ისტორიიდან გამომდინარე უკვე გამარჯვებულია და აქვს უფლება იზეიმოს.
მისივე თქმით, გამარჯვებულია მზია ამაღლობელიც და ყველა სინდისის პატიმარიც, რადგან მათ ღირსებაზე უარი არ თქვეს.
“გაუმარჯოს დამოუკიდებლობას, გაუმარჯოს საქართველოს!
დღეს ბევრი შეიძლება კითხულობდეს, რა დროს ზეიმია, რატომ ვზეიმობთ 26 მაისს? რატომ ვზეიმობთ იმ დროს, როცა პატიმრები ციხეში არიან სრულიად უსამართლოდ და მათი მშობლები აქ დგანან, ჩვენთან? რატომ ვზეიმობთ, როცა ქვეყანაში სუფევს უსამართლობა? რატომ ვზეიმობთ როცა დღითიდღე აქრობენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას, როცა უწყობენ ხელს და შემოჰყავთ საუკუნოვანი მტერი? ეს კითხვა ყველას გვაქვს, რაზეც ჩემი და თქვენი პასუხია – ჩვენ იმიტომ ვზეიმობთ, რომ უკვე გამარჯვებულები ვართ. საუკუნეების მანძილზე საქართველოს ყველაფერს გაუძლო და მოვიდა დღემდე. უკვე გამარჯვებულები ვართ იმიტომ, რომ 117 წლის წინ საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. ოკუპაციიდან 70 წლის შემდეგ, საქართველოს იდენტობის გაქრობის მცდელობის შემდეგ, საქართველომ აღადგინა თავისი დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს. იმიტომ ვართ გამარჯვებულები, რომ რეფერენდუმი ჩატარდა და ყველანი ერთად ვიყავით. ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ დამოუკიდებლობა უნდა დაგვებრუნებინა. ჩვენ იმიტომ ვართ გამარჯვებულები, რომ უკვე ორი წელია, რაც საქართველო ქუჩაში დგას და იდგა ყოველთვის, როცა მისი დამოუკიდებლობა, მისი თავისუფლება, მისი მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. იდგა 2008 წელს, როცა შემოვიდა რუსეთი. დგას დღეს არჩევნებიდან 7 თვის შემდეგ და 6 თვე იმის მერე, რაც არალეგიტიმურმა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ შეეწყვიტა ჩვენი გზა ევროპისკენ. დგას საქართველო და გამარჯვებულია ამიტომ.
გამარჯვებულია ერთი ქალი, რომელიც ყველას უძლებს და მას ჰქვია მზია და ის არის ჩვენი სახე და ჩვენი ღირსება. გამარჯვებულია იმიტომ, რომ არცერთმა პატიმარმა თავის ღირსებაზე უარი არ თქვა, იმიტომ, რომ არცერთმა მშობელმა თავის შვილის ღირსებაზე უარი არ თქვა და ყველანი ერთად დგანან დღეს, როგორც ჩვენი ღირსების სიმბოლო.
ამიტომ ვართ უკვე გამარჯვებულები და გვაქვს უფლება, რომ დღეს აქ ერთად ვიზეიმოთ 26 მაისი, მაგრამ გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიყვანოთ”, – თქვა ზურაბიშვილმა.







