საქართველოში გზების მშენებლობით დაკავებული 10 უმსხვილესი კომპანიიდან 6 ჩინურია

bpn.ge წერს, რომ საქართველოში გზებისა და ხიდების მშენებლობით დაკავებული უმსხვილესი ათი კომპანიიდან 6 ჩინურია, ერთის წილების ნახევარს კი საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი ფლობს.
„ბიზნესპრესნიუსისთვის“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ემყარება 2024 წლის წინასწარ მონაცემებს. რეიტინგში მოცემული კომპანიები განსაზღვრულია საანგარიშო პერიოდისთვის არსებული ბრუნვის მოცულობის მიხედვით.
ვის ეკუთვნის 10 უმსხვილესი კომპანია საქართველოში, რომელიც გზებისა და ხიდების მშენებლობას ახორციელებს
შპს „ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფი კომპანიის ფილიალი საქართველოში“ სამეწარმეო რეესტრში 2019 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის საბოლოო მესაკუთრე ჩინეთში დაფუძნებული Hunan Road &; Bridge Construction Group Company limited-ია. დოკუმენტების თანახმად, გენერალური დირექტორის პოზიციას ჩინეთის მოქალაქე მა ჯინ იკავებს.
„ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალის“ საბოლოო მესაკუთრე ჩინეთში დაფუძნებული შპს „ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციაა“. დირექტორის პოსტს იკავებს ჩინეთის მოქალაქე ვანგ ფუჰუა. კომპანია საქართველოში ოპერირებს 2019 წლიდან.
შპს „არალი“ რეესტრში 2004 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი დემეტრე თათეშვილია, რომელიც წილების 25%-ს ფლობს. დარჩენილი წილები კი ასე ნაწილდება: მარგალიტა თათეშვილი (25%), ბექა თათეშვილი (25% – მის წილებს მართავს მარგალიტა თათეშვილი) და ეკა თათეშვილი (25%).
2005 წელს რეგისტრირებული შპს „გზის“ მესაკუთრე გიორგი ჭყონიაა, თუმცა კომპანიაში მის წილებს ჯიმშერ ზოიძე განკარგავს. რაც შეეხება დირექტორის პოსტს, მას მალხაზ დუმბაძე იკავებს.
შპს „B.P. TRANS“-ის წილების 100%-ს სრულად ფლობს ბიჭიკო პაიკიძე. სამეწარმეო რეესტრში კომპანიის დირექტორად ფიქსირდება ვალერიანე კვარაცხელია. კომპანია რეესტრში რეგისტრირებულია 2012 წელს.
შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი-ს მუდმივმოქმედი ფილიალი საქართველოში“ 2010 წლიდან ოპერირებს. კომპანიის დირექტორი არის ჩინეთის მოქალაქე ჩაო ვანგი. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიის საბოლოო მესაკუთრე ჩინეთში დაფუძნებული შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფია“.
შპს „ჩინეთის სარკინიგზო გვირაბის ჯგუფი კო. ფილიალი საქართველოში“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2019 წელს. დირექტორი ჩინეთის მოქალაქე ჟაი ფეიფეია. კომპანიის მესაკუთრე ასევე ჩინური „China Railway Tunnel Group Co., Ltd.“-ია.
„გუიჯოუ ჰაივეი ენჯინიარინგ გრუფ კო“ საქართველოში 2020 წლიდან ოპერირებს. კომპანიის მესაკუთრე ჩინური „გუიჯოუ ჰაივეი ენჯინიარინგ გრუფ კოა“. კომპანიაში მენეჯერის პოზიციას იკავებს ჩინეთის მოქალაქე ჩენ იუჩიანგია.
2019 წელს დაფუძნდა საქართველოში „ჩინეთის სახელმწიფო შპს სამშენებლო საინჟინრო კორპორაციის საქართველოს ფილიალი“. კომპანიის დირექტორი ჩინეთის მოქალაქე ქსუეფენგ იუანია. წილებს სრულად ფლობს ჩინეთში დაფუძნებული „ჩინეთის სახელმწიფო შპს სამშენებლო საინჟინრო კორპორაცია“.
შპს „New Road“ სამეწარმეო რეესტრში 2010 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის წილების ნახევარს რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქე გივი ჩოჩია ფლობს, ხოლო დარჩენილ 50%-ს დავით ჟღენტი. კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი კირვალიძეა.
ცნობისთვის, ჩამოთვლილი კომპანიები რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული.







