
სომხეთისთვის 2024 წელი მაღალი ეკონომიკური ზრდით დაიწყო, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ წლის განმავლობაში გარკვეულწილად შენელდა, მაინც მაღალ დონეზე დარჩა.
„არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის ფინანსთა მინისტრმა ვაჰე ჰოვანესიანმა ეროვნული ასამბლეის მუდმივი კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა „სომხეთის რესპუბლიკის 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ“ ყოველწლიური ანგარიშის წინასწარი განხილვის დროს.
მინისტრის თქმით, 2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 5.9% შეადგინა, რაც ბიუჯეტის მიზნობრივ მაჩვენებელზე 1.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, მაგრამ 2025 წლის ბიუჯეტის პროგნოზებზე 0.1 პროცენტული პუნქტით მეტია.
ჰოვანესიანმა განმარტა, რომ ზრდა განპირობებულია რიგი ფაქტორებით: ძირითადი ლითონების წარმოების მკვეთრი ზრდით, მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებული მოქალაქეების მიერ მოხმარებისა და ეკონომიკური აქტივობის ზრდით და შიდა და გარე მოთხოვნის გაფართოებით. მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეკონომიკურ ზრდას თან ახლდა ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდაც.
2023 წელს ის 8 125 აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო 2024 წელს უკვე 8 500 აშშ დოლარს მიაღწია.
„2024 წლის სექტემბერში ვვარაუდობდით, რომ წლის ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 5.8 პროცენტი იქნებოდა. სინამდვილეში, 5.9 პროცენტი გვქონდა“, – დაასკვნა მინისტრმა.







