მთავარიპოლიტიკა

სომხეთი ბრიუსელში საელჩოსთვის ახალ შენობას 4.3 მილიონ ევროდ შეიძენს

მთავრობის გადაწყვეტილებით, სომხეთი ბრიუსელში თავისი დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის ახალ შენობას შეიძენს, რომლის ღირებულება 4.3 მილიონი ევროს ეკვივალენტურია დრამებში.

Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა, დეპარტამენტის 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების, შემოსავლებისა და ხარჯების შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას.

მირზოიანის თქმით, 2024 წლის განმავლობაში სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 5 ძირითადი საბიუჯეტო პროგრამა განახორციელა, თავდაპირველად დამტკიცებული ბიუჯეტით 17.1 მილიარდი დრამი (დაახლოებით 42 მლნ.750 ათასი აშშ დოლარი), გადახედული ბიუჯეტით 27.8 მილიარდი (დაახლოებით 69 მლნ. 500 ათასი აშშ დოლარი), ხოლო ფაქტობრივი ხარჯებით 27.4 მილიარდი დრამი (დაახლოებით 69 მლნ. 100 ათასი აშშ დოლარი), რომელთა შესრულება 98.8 პროცენტი იყო.

„გადახედული ბიუჯეტი 10.7 მილიარდი დრამით (დაახლოებით 26 მლნ.750 ათასი აშშ დოლარი) გაიზარდა. ეს სხვაობა ძირითადად 1 ფაქტორით იყო განპირობებული – პარიზში სომხეთის საელჩოსთვის შეძენილი ახალი შენობა, რომლის ღირებულებამ 9.9 მილიარდი დრამი (დაახლოებით 24 მლნ.750 ათასი აშშ დოლარი) შეადგინა“, – თქვა მირზოიანმა.

ამ უკანასკნელმა, სხვა ქვეყნებში შეძენილ სხვა შენობებზე საუბრისას, აღნიშნა, რომ 2023 წელს შენობა ლონდონშიც შეიძინეს და ახლა მთავრობამ გადაწყვიტა ბრიუსელში სომხეთის საელჩოსთვის ახალი შენობის შეძენა, რომლის ღირებულება 4.3 მილიონი ევროს ეკვივალენტია.

„ეს შენობა ბრიუსელის პრესტიჟულ უბანში მდებარეობს, მის მახლობლად კი საელჩოები, წარმომადგენლობები და ევროპული სტრუქტურებია განთავსებული. მნიშვნელოვანი ფუნქციური და ლოგისტიკური უპირატესობების გარდა, შენობის შეძენას ასევე ექნება პოლიტიკური და სიმბოლური კომპონენტი, კერძოდ, სომხეთ-ევროკავშირის თანამშრომლობის გაფართოების და ბრიუსელში უფრო მეტი ხილვადობისა და წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მნიშვნელობის გათვალისწინებით. მისი ფართობი დაახლოებით 1500 კვადრატული მეტრია. და, რა თქმა უნდა, უძრავი ქონების ფასების უწყვეტი ზრდის გათვალისწინებით, ეს შენაძენი ასევე შეიძლება იყოს მომგებიანი გრძელვადიანი ინვესტიცია“, – დააზუსტა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, უცხო ქვეყნებში არსებული 64 დიპლომატიური წარმომადგენლობიდან 20-ის სამსახურებრივი შენობები სომხეთის რესპუბლიკის საკუთრებაა. მათგან 6 შენობა შემოწირულ იქნა ქველმოქმედთა მიერ, 2 – ორმხრივი პრინციპით, 1 გამოყო მასპინძელმა ქვეყანამ, 11 შენობა შეძენილი იქნა სომხეთის ბიუჯეტიდან, გარდა ამისა, კიდევ 13 შენობა უსასყიდლოდ გადაეცა სხვადასხვა ორგანიზაციისმხრივ. დანარჩენი 31 შენობა ნაქირავებია სომხეთის მიერ.

ნახეთ მეტი
Back to top button