სომხეთი ბაქოსგან აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის ფაქტების გამოძიებას მოელის.

სომხეთმა აზერბაიჯანს გადაუგზავნა ინფორმაცია აზერბაიჯანული მხრიდან საზღვრის ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შესახებ, თუმცა ბაქოს ჯერ კიდევ არ გამოუხატავს რეაქცია მათზე.
Armenpress-ის ცნობით, ჟურნალისტებთან ბრიფინგის დროს ამის შესახებ განაცხადა სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა.
ჩვენ შევთავაზეთ აზერბაიჯანს, რომ შეიქმნას სასაზღვრო ინციდენტების ერთობლივი კომისია ინციდენტების გამოსაძიებლად. ჩვენ წარვუდგინეთ ოფიციალური დოკუმენტი აზერბაიჯანულ მხარეს, გვქონდა გარკვეული მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან ამასთან დაკავშირებით, გარდა ამისა, ვთხოვეთ აზერბაიჯანულ მხარეს, მოგვაწოდოს დეტალები, როგორც ბაქო აღწერს მათ, ინციდენტებისა და დარღვევების შესახებ“, – თქვა გრიგორიანმა. უშიშროების საბჭოს მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხურმა მხარემ ჩაატარა დეტალური გამოძიება და უპასუხა აზერბაიჯანს. „შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი მხრიდან დარღვევა თითქმის არ ყოფილა. ჩვენ ასევე წარვადგინეთ ინფორმაცია აზერბაიჯანული მხარის მიერ ჩადენილი დარღვევების შესახებ, რომელიც შეიცავს ვიდეოჩანაწერებსაც კი, რომლებიც ადასტურებს რა მოხდა. ჩვენ ველით აზერბაიჯანული მხარის მიერ გამოძიებას“, – აღნიშნა არმენ გრიგორიანმა.
უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით, სომხეთის სასაზღვრო სოფლების ტერიტორიაზე აზერბაიჯანული პოზიციებიდან სროლის ერთ-ერთი მიზანი შეიძლება იყოს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების გადატანა სამშვიდობო შეთანხმების გარშემო მიღწეული წარმატებებიდან. „რა თქმა უნდა, შეიძლება არსებობდეს სხვა მიზნებიც, ჩვენ ვაგრძელებთ მონიტორინგს და ვცდილობთ გავიგოთ მოტივები“, – თქვა არმენ გრიგორიანმა. აპრილიდან აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები პერიოდულად ხსნიან ცეცხლს სიუნიქის ხოზნავარისა და ხნაწახის სოფლების მიმართულებით, ზოგჯერ კი საცხოვრებელ შენობებსაც ესხმიან თავს.







