ეკონომიკა

სომხეთი უკმაყოფილოა საქართველოში სომხური ალკოჰოლური სასმელებით დატვირთული სატვირთო მანქანების გაშვების ტემპით

სომხეთის ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანი ირწმუნება, რომ სომხეთის შესაბამისი ორგანოები მუდმივად კონტაქტზე არიან იმ ეკონომიკურ სუბიექტებთან, რომლებსაც პრობლემები აქვთ საქართველოში ალკოჰოლური სასმელების ექსპორტის პროცესში.

Armenpress-ის ცნობით, პაპოიანმა ეს ეროვნულ ასამბლეაში გამართული დისკუსიის დროს განაცხადა.

„ამჟამად ჩვენ გვაქვს ონლაინ ფორმატი, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია თვალყური ადევნოთ, რამდენი მანქანა გადავიდა საქართველოდან რუსეთში, რამდენი დგას ამჟამად ლარსში, რამდენს დაუდასტურდა დადებითი ტესტი, მაგრამ ჯერ არ ჩასულა ლარსში, რამდენია გეზის საბაჟო გამშვებ პუნქტზე. ჩვენ მუდმივად კონტაქტზე ვართ ყველა ეკონომიკურ სუბიექტთან, ვიცით, რა პრობლემები აქვთ და ვცდილობთ მათ მოგვარებას“, – თქვა მინისტრმა.

მან გააცნო, რომ ცოტა ხნის წინ მიიღო წერილი თავისი ქართველი კოლეგებისგან, რომ ისინი ამ საკითხთან დაკავშირებით დღის განმავლობაში დაურეკავდნენ, რადგან სომხური მხარე კვლავ ამჩნევს გარკვეულ შეფერხებებს პროცესში.

„იყო მომენტი, როდესაც მანქანები საერთოდ არ მოძრაობდნენ, შემდეგ 1-2 დღის განმავლობაში იყო გარკვეული სიჩქარე, რაც გვაკმაყოფილებდა, ახლა არის ძალიან ნელი ტემპი – დღეში რამდენიმე მანქანა, რაც ასევე პრობლემურია ჩვენთვის, თუმცა ჩვენ, ჩვენი მხრივ, შევინარჩუნეთ ყველა შეთანხმება, რაც გვქონდა საქართველოს ხელისუფლებასთან. ჩვენ ველით, რომ ჩვენი ქართველი პარტნიორებიც დაიცავენ შეთანხმებებს თავიანთი მხრიდან“, – აღნიშნა სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button