ეკონომიკა

„მნიშვნელოვანია ქონების შეძენის საკითხი, რადგან საქართველო ირანის მოქალაქეებისთვის ერთგვარი ოაზისია“ – ანდრო გოცირიძე

bpn.ge წერს, რომ „ირანიდან, რუსეთისგან განსხვავებით, მიგრაციის დიდი ნაკადი არ იქნება. აქ უფრო მნიშვნელოვანია ქონების შეძენის საკითხი, რადგან საქართველო ირანის მოქალაქეებისთვის ერთგვარი ოაზისია“, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ უსაფრთხოების ექსპერტმა ანდრო გოცირიძემ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ მეხუთე დღეა ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტი გრძელდება. უსაფრთხოების ანალიტიკოსებს აქვთ მოლოდინი, რომ აღნიშნული კონფლიქტის დასრულება რამდენიმე დღეში ნაკლებად სავარაუდოა. აქედან გამომდინარე, არსებობს მოლოდინები, რომ კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში ირანიდან დაიძვრება მიგრაციული ტალღა და გარკვეული ეფექტები, მათ შორის, საქართველოზეც აისახება.

„შესაბამისი ნების პირობებში ვფიქრობ, შესაძლებელია შესაბამისი ბერკეტების გამოძებნა მიგრაციული ტალღის სამართავად, მაგრამ თუ დავაკვირდებით როგორ იმართა რუსული მიგრაციული ნაკადები რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, შემიძლია ვივარაუდო, რომ მაინც და მაინც სახარბიელო მდგომარეობა არ გვაქვს ამ კუთხით.

ირანიდან (რუსეთისგან განსხვავებით) მიგრაციის დიდი ნაკადი არ იქნება. აქ უფრო მნიშვნელოვანია ქონების შეძენის საკითხი – საქართველო ირანის მოქალაქეებისთვის ერთგვარი ოაზისია, იმიტომ რომ, მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიასთან სერიოზული პრობლემები გვაქვს, ირანისთვის აქ სამოთხეა, რადგან მოგეხსენებათ რას გაურბიან იქიდან მოქალაქეები – გაურბიან რეჟიმის გაუგონარ სისასტიკეს, ახლა ამას ემატება ისრაელის მხრიდან დაბომბვა და რეჟიმი შენარჩუნების მიზნით კიდევ უფრო გამკაცრდება, რადგან სხვა გზა ასეთ რეჟიმებს არ აქვთ.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღე შოკურია ირანისთვის და გარკვეულ კოლაფსს განიცდის, ეცდება რომ ჭანჭიკებს გადაუჭიროს, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს,“ – აცხადებს ანდრო გოცირიძე.

„საქართველო ირანის მოქალაქეებისთვის ერთგვარი ოაზისია“

მანვე ისაუბრა კონფლიქტის მოსალოდნელ ეკონომიკურ ეფექტებზე და აღნიშნა, რომ თუ ახლო აღმოსავლეთში დაპირისპირება ფართომასშტაბიან სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდა, ამას გავლენა ეკონომიკური კუთხითაც ექნება საქართველოზე.

„აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია მოხდება თუ არ მოხდება, იქ მაინც არის ის რეაქციული ძალა, რომელიც ადგილზე სიტუაციას მეტ-ნაკლებად გააკონტროლებს და თუ დიდი არეულობა დაიწყო ირანის შიგნით ან ფართომასშტაბიან კონფლიქტში გადაიზარდა დაპირისპირება, საქართველოსთვის ამას გავლენა ექნება, რადგან რეგიონია და ამ რეგიონში მიმდინარე დიდი მასშტაბის მოვლენას ასახვა ექნება ეკონომიკური მიმართულებითაც. ამიტომ არ ღირს ხოლმე ამ ტიპის სახელმწიფოებთან ეკონომიკური ინტეგრაცია, რადგან ყოველთვის მყიფეა ეს კავშირები და რთულია შემდეგ იქიდან გამოსვლა. ფაქტია ირანში მიმდინარეობს პროცესი, რომელიც 2-3 დღეში არ დასრულდება“, – განაცხადა ანდრო გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ ორიოდე დღის წინ ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია როიტერმა გაავრცელა, კერძოდ, რამდენიმე ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, გამოცემა წერდა, რომ ისრაელი ალი ხამენეის მოკვლას გეგმავდა, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტი ამის წინააღმდეგი იყო.

ნახეთ მეტი
Back to top button