სომეხი ექსპორტიორები და იმპორტიორები ისრაელ-ირანის დაპირისპირების გამო სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან

ისრაელსა და ირანს შორის რამდენიმედღიანი დაპირისპირების დროს, სომხურ ეკონომიკურ სუბიექტებს სირთულეები შეექმნათ. ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხთა ეროვნული პარლამენტის მუდმივი კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა, გევორგ პაპოიანმა.
„ტვირთები ირანის ბანდარ აბასის პორტში, გზებზე იჭედება. ექსპორტთან დაკავშირებით პრობლემები გვაქვს. ირანიდან ან ირანის გავლით ჩვენი იმპორტიორები ამჟამად ბევრ პრობლემას აწყდებიან. ვიმედოვნებთ, რომ დაპირისპირება დასრულდება და ჩვენ შევძლებთ თავისუფლად ვაჭრობას მეგობარი ირანის ტერიტორიაზე, როგორც ადრე“, – თქვა პაპოიანმა.
13 ივნისის ღამეს ისრაელი თავს დაესხა ირანის სამხედრო და ბირთვულ ობიექტებს, ასევე ჩაატარა სპეციალური ოპერაციები ქვეყნის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის წარმომადგენლებისა და ბირთვული ფიზიკოსების გასანადგურებლად. ირანისა და ისრაელის შეიარაღებული ძალები ერთმანეთს ურტყამენ, რის შედეგადაც მრავალი მსხვერპლი და დაშავებაა დაფიქსირებული.







