საზოგადოება

რა სახის ინფორმაციას ითხოვენ საქართველოში ხელოვნური ინტელექტისგან – ACTR-ის კვლევის შედეგები

bpn.ge წერს, რომ ხელოვნური ინტელექტის პლატფორმები უკვე მყარად იკავებს პოზიციას ქართული ციფრული მომხმარებლის ყოველდღიურობაში. „ეისითი კვლევამ“ (ACTR) 2025 წლის აპრილ-მაისში ჩაატარა ონლაინ გამოკითხვა საქართველოში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ.

როგორც აღმოჩნდა, რესპონდენტთა 76% კვირაში ორჯერ ან უფრო ხშირად იყენებს AI პლატფორმებს, რაც მიუთითებს მის ფართო და განმეორებად გამოყენებაზე, ხოლო რაც შეეხება იმას თუ რა სახის ინფორმაციას ითხოვენ ქართველები AI-გან არის:

  • ინფორმაციის მოძიება – 74%
  • სწავლა და კვლევა – 52%
  • ზოგადი რჩევები – 48%
  • იდეების გენერირება – 43%

კვლევა აჩვენებს, რომ AI არა მხოლოდ ტექნიკური მიზნებისთვის გამოიყენება, არამედ აქტიურად არის ინტეგრირებული საგანმანათლებლო და შემოქმედებით პროცესებში.

რაც შეეხება სანდოობას, როგორც ირკვევა, ქართული სოციალური ქსელების მომხმარებლების თითქმის ნახევარი (45%) ენდობა ხელოვნურ ინტელექტს, თუმცა საზოგადოებაში მაინც შეინიშნება სკეპტიციზმის ნიშნები — 30% ეჭვის თვალით უყურებს AI-ს, ან გარკვეულ უნდობლობას ამჟღავნებს მის მიმართ. რესპონდენტთა დაახლოებით მეოთხედს კი უჭირს პასუხის გაცემა ხელოვნური ინტელექტის მიმართ მათი დამოკიდებულების შესახებ.

ხელოვნური ინტელექტის მიმართ ნდობის საკითხზე თბილისის მომხმარებელთა აზრი ორ ნაწილად იყოფა: 42% ენდობა AI-ს, ხოლო 40% ეჭვის თვალით უყურებს მას.

მიუხედავად გარკვეული სკეპტიციზმისა, საზოგადოებრივი განწყობები მთლიანობაში ოპტიმისტურია: რესპონდენტთა 56% მიიჩნევს, რომ AI პოზიტიურად შეცვლის საზოგადოების ცხოვრებას.

კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ხელოვნური ინტელექტი საქართველოში სწრაფად ადაპტირდება. მაღალი ცნობადობა, აქტიური გამოყენება და პოზიტიური მოლოდინები მიუთითებს, რომ AI აღარ არის მხოლოდ ახალი ტექნოლოგია – ის უკვე ყოველდღიური გადაწყვეტილებების და გამოცდილების ნაწილი გახდა.

ონლაინ გამოკითხვა საქართველოში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ 2025 წლის 22 აპრილი – 13 მაისის პერიოდში მიმდინარეობდა. კვლევაში მონაწილეობა მიიღო სოციალური ქსელის 637-მა მომხმარებელმა. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება, საშუალოდ, არ აღემატება 4%-ს. მოცემული კვლევა განხორციელდა კომპანია „ეისითი კვლევის“ (ACTR) ინიციატივით, მისი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში, რუბრიკაში „ციფრული ტრენდები“.

ნახეთ მეტი
Back to top button