
ევროკავშირსა და სომხეთს შორის პარტნიორობის ახალ დღის წესრიგზე მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება.
Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა სომხეთში ვასილის მარაგოსმა ევროკავშირ-სომხეთის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის ფარგლებში გამართული დისკუსიის დროს განაცხადა.
მისი თქმით, დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი საკითხი ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმების სრული განხორციელება და მისი პოტენციალის სრული გამოყენებაა.
მარაგოსმა გაიხსენა, რომ წლების წინ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეს შეთანხმება რეფორმების მკაფიო პროგრამად დაახასიათა, რომელსაც მთავრობა აქტიურად ახორციელებს.
ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ უკვე მოქმედებს მრავალი ქვეკომიტეტი და პარტნიორობის მთავარი კომიტეტის შეხვედრა ივლისში ბრიუსელში გაიმართება.
„ეს მოწმობს ჩვენი ურთიერთქმედების სიღრმესა და სიხშირეს“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
მარაგოსის თქმით, რეფორმები მართლაც რთულია და საჭიროებს ტექნიკურ დახმარებას და ექსპერტების გაცვლას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და სხვა პარტნიორების მონაწილეობით. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებობს როგორც მთავრობის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების მკაფიო ვალდებულება.
ელჩმა განაცხადა, რომ ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა პარტნიორობის ახალი დღის წესრიგის შემუშავებაზე. „მოლაპარაკებები თითქმის დასრულებულია და მათი მიზანია ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმების პოტენციალის სრულად რეალიზება. ეს საერთო ვალდებულებაა“, – აღნიშნა მან.
მარაგოსის თქმით, ევროკავშირის ერთ-ერთი პრიორიტეტი სომხეთის სტაბილურობის განმტკიცებაა. ამ მიზნით, გასულ წელს წარმოდგენილი იქნა სტაბილურობისა და ზრდის გაუმჯობესების პროგრამა, რომელიც მოიცავს მრავალ კონკრეტულ ნაბიჯს, ეკონომიკის დივერსიფიკაციიდან დაწყებული ინტელექტუალური საკუთრებისა და მომხმარებელთა დაცვის სფეროებში ევროპული სტანდარტების დანერგვით დამთავრებული.
„ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი დიალოგისა და რესურსების ორგანიზება იმ უზარმაზარი ვალდებულების საფუძველზე, რომელსაც ორივე მხრიდან ვხედავთ“, – შეაჯამა ევროკავშირის ელჩმა.







