მთავარიპოლიტიკა

ჩვენ ვგრძნობთ სომხეთის ძლიერ მისწრაფებას ევროპისკენ։ ალენ ბერსე

სომხეთში ვიზიტით ნამყოფმა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ, აღნიშნა, რომ სტრასბურგი მკაფიოდ გრძნობს ერევნის მხრიდან ევროპისკენ სწრაფვის მტკიცე სურვილს.

Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, სადაც შეეხო 11-12 ივნისს სომხეთში განხორციელებულ ვიზიტს, ქვეყანაში დემოკრატიის დონესა და ამ მიმართულებით ხელისუფლების მიერ განხორციელებულ სამუშაოებს.

მისი თქმით, თავდაპირველად სომხეთში ვიზიტი მარტისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა რეალურად განხორციელდა ივნისში.

ალენ ბერსეს თქმით, ამ დროის შუალედმა მისცა შესაძლებლობა, დაკვირვებოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს მშვიდობის შეთანხმებაზე და სამხრეთ კავკასიაში არსებულ საერთო ვითარებასაც.

„სამხრეთ კავკასია რეგიონია, რომელიც სრულად ინტეგრირებულია ევროპულ ოჯახში. ეს განპირობებულია არა მხოლოდ გეოგრაფიული, არამედ ისტორიული გარემოებებითა და საერთო ღირებულებებითაც“, – განაცხადა ბერსემ.

მან ხაზი გაუსვა, რომ ეს ყველაფერი წაახალისებს უფრო მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას.

„რეგიონში, განსაკუთრებით კი სომხეთში ვიზიტის შემდეგ, ჩემი პირადი შეფასება და შთაბეჭდილება ის არის, რომ ჩვენ ნამდვილად ვგრძნობთ სომხეთის ძალიან მტკიცე სწრაფვას ევროპისკენ. ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამ კონტექსტში ევროპის საბჭოს როლია, იმუშაოს ისეთ ქვეყნებთან, რომლებიც მსგავს სწრაფვას ავლენენ“, – აღნიშნა ბერსემ და დაამატა, რომ სწორედ ამიტომაც მოქმედებს ერევანში ევროპის საბჭოს ოფისი მნიშვნელოვანი ფუნქციით.

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში ის ესტუმრა ევროპის საბჭოს ერევნის ოფისსაც, სადაც ხორციელდება მნიშვნელოვანი საქმიანობა – რეფორმების განვითარების ხელშეწყობა და სხვადასხვა პროექტის განხორციელება.

„ჩემი შთაბეჭდილება ძალზე პოზიტიურია. გულუბრყვილო არ ვარ. მესმის, რომ ყველა ქვეყანაში, ევროპის საბჭოს ყველა წევრ სახელმწიფოში ყოველთვის შესაძლებელია პრობლემების პოვნა, რომლებიც გადაჭრას საჭიროებს, ეს ბუნებრივია. თუმცა, მნიშვნელოვანია მათი მთავარი მიმართულება, რომელიც, ჩემი აზრით, სწორი მიმართულებით მიდის“, – განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button