პოლიტიკა

ევროკავშირში კვლავ მიმდინარეობს მოლაპარაკებები სომხეთისთვის მშვიდობის ფონდის მეშვეობით 20 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ

ევროკავშირს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება სომხეთისთვის მშვიდობის ფონდის მეშვეობით დამატებითი 20 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ.

Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ განაცხადა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა, ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა ეტაპზეა ევროპის მშვიდობის ფონდიდან სომხეთისთვის დახმარების გაწევის პროცესი და ადებს თუ არა მას უნგრეთი ვეტოს, პასუხის გაცემისას.

„ევროკავშირი შედგება 27 დემოკრატიული ქვეყნისგან, რაც გადაწყვეტილების მიღების პროცესს ართულებს. ზოგჯერ ქვეყანას შეუძლია დაბლოკოს გადაწყვეტილების მიღება. დიახ, ჩვენ ჯერ არ მიგვიღია გადაწყვეტილება, ასეა. მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხის გადაწყვეტის მოსაძებნად“, – აღნიშნა კალასმა.

უნგრეთმა ვეტო დაადო ევროკავშირის წინადადებას, სომხეთისთვის ევროპის მშვიდობის ფონდის (EPF) ფარგლებში დამატებითი 20 მილიონი ევროს ოდენობის „არალეტალური“ სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ. ეს ინიციატივა თავად კაია კალასმა წარადგინა და მას მხარი დაუჭირა ევროკავშირის ყველა სხვა წევრმა სახელმწიფომ, უნგრეთის გარდა.

ბუდაპეშტმა ასევე შეინარჩუნა თავისი დათქმები 24 ივნისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე. „დღევანდელი მოლაპარაკებების შემდეგ, ჯერჯერობით არანაირი პროგრესი არ არის მიღწეული“, – განუცხადა დიპლომატიურმა წყარომ ,,რადიო თავისუფლებას”.

2023 წლის ივლისში სომხეთმა ევროკავშირისგან მიიღო პირველი „არალეტალური“ სამხედრო დახმარება 10 მილიონი ევროს ოდენობით, რომელიც განკუთვნილი იყო საველე ჰოსპიტალის შესაქმნელად და სომხეთის არმიის ბატალიონის დონის ქვედანაყოფისთვის დამხმარე აღჭურვილობის შესაძენად. ახალმა პაკეტმა უნდა შეავსოს ეს დახმარება ევროკავშირის საერთო სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს სომხეთთან პარტნიორობისა და უსაფრთხოების გაძლიერებას.

ნახეთ მეტი
Back to top button