რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარი სომხეთის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევის მცდელობაა – კონჯორიანი

სომხეთის პარლამენტის ფრაქცია „სამოქალაქო ხელშეკრულების “ ხელმძღვანელი ჰაიკ კონჯორიანი გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას სომხეთში „ეკლესიაზე თავდასხმების“ შესახებ.
„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, განაცხადა, რომ სომხეთში „ეკლესიაზე თავდასხმები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“.
პირველ რიგში, სომხეთში მიმდინარე პროცესები სომხეთის შიდა საქმეა. მეორეც, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარი სომხეთის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში პირდაპირი ჩარევის მცდელობაა. მესამე, ბატონი ლავროვის ფორმულირებები იდენტურია სომხეთში ტერორიზმისკენ მოწოდებული წრეების ლექსიკისა. ვიმედოვნოთ, რომ ეს მხოლოდ თემის არასწორად აღქმაა და არა სომხეთში ტერორიზმის წახალისების მცდელობა“, – წერს კონჯორიანი.
ადრე ლავროვმა განაცხადა, რომ „ეკლესია ყოველთვის იყო სომხური საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი საყრდენი და რუსეთი არ ისურვებდა, რომ ის უსამართლო თავდასხმების მსხვერპლი გამხდარიყო რაიმე სერიოზული საფუძვლის გარეშე“.







