სანქცირებული რუსული კომპანია საქართველოში ელექტრომობილების დამტენების შემოტანას გეგმავს

bpn.ge წერს, რომ რუსული კომპანია, Sitronics Electro, რომელიც სანქცირებული Sitronics Group-ის ნაწილია, საქართველოსა და ყირგიზეთში ელექტრომობილების დამტენი სადგურების ექსპორტს გეგმავს, ხოლო სომხეთს პირველი სადგურები უკვე მიაწოდა.
ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელ დირექტორმა, ანდრეი გურლენოვმა TASS-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს ექსპორტის გეგმები. პირველი აგრეგატები სომხეთში უკვე შევიტანეთ და დსთ-ს ქვეყნებთან ვთანამშრომლობთ. გვყავს პარტნიორები საქართველოში, ყირგიზეთში და იქ სადგურების მიწოდებისთვის ვემზადებით,“ – აცხადებს გურლენოვი.
მისი თქმით, “რუსული დამტენი სადგურები ჩინურებზე ძვირია, თუმცა კომპანია საზღვარგარეთ უნიკალურ და/ან მაღალი სიმძლავრის გადაწყვეტილებებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მასობრივ ჩინურ სეგმენტში წარმოდგენილი არ არის.
ცნობისთვის: რუსული მრავალპროფილიანი IT-კომპანია Sitronics Group 2002 წელს დაარსდა, ბაზარზე კი 20 წელია ოპერირებს. კომპანია რუსეთის მთავრობისთვის და ბიზნესისთვის ციფრულ პროექტებს ახორციელებს, ჭკვიანი ქალაქებისა და უსაფრთხოების კომპლექსურ გადაწყვეტილებებს ნერგავს და ეკონომიკის სტრატეგიული სექტორების დიჯიტალიზაციას ახდენს. კომპანიას 2000 თანამშრომელი ჰყავს და 5000 პროექტი აქვს რეალიზებული.
აღსანიშნავია, რომ Sitronics Group აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მიერ 2024 წელს არის დასანქცირებული, ხოლო 2023 წლის 14 აპრილიდან უკრაინის 10-წლიან სასანქციო სიაშია. უკრაინას ცალკე ჰყავს დასანქცირებული ჯგუფში შემავალი კომპანია, Sitronics IT-იც, რომელიც 2024 წლის 22 მისიდან, ასევე, 10-წლიან სასანქციო სიაშია.







