პოლიტიკა

ევროკავშირმა ხაზი გაუსვა სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერას

8 ივლისს, ბრიუსელში გაიმართა ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმების (CEPA) საფუძველზე შექმნილი სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის კომიტეტის მეექვსე შეხვედრა. მხარეებმა განიხილეს CEPA-ს განხორციელების პროცესი და სომხეთ-ევროკავშირის თანამშრომლობის გაფართოება. ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს.

სომხეთმა და ევროკავშირმა ხაზი გაუსვეს სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობაში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც დაფუძნებულია საერთო ღირებულებებისადმი ერთგულებაზე. ისინი  მიესალმნენ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მიერ 2025 წლის 29-30 ივნისს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის დროს გაკეთებულ მნიშვნელოვან განცხადებებს, მათ შორის სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის ახალი დღის წესრიგის პოლიტიკურ შეთანხმებას და ევროკომისიის მიერ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წინადადების მოწონებას. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები სომხეთსა და ევროკავშირს დააახლოებს.

სომხეთი  და ევროკავშირი  ასევე მიესალმნენ 270 მილიონი ევროს ღირებულების „მდგრადობისა და ზრდის“ პროგრამის განხორციელებას, რომელიც მიზნად ისახავს სომხეთსა და ევროკავშირს შორის სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებას და ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ ინიციატივის ფარგლებში, „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივის შესაბამისად, კავშირისა და ბიზნეს სექტორებში მასშტაბური ინვესტიციების ხელშეწყობას.

პარტნიორობის კომიტეტმა განიხილა კანონის უზენაესობის, იუსტიციის სექტორის რეფორმების, სამართალდამცავი ორგანოების, ადამიანის უფლებებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში განვითარებული მოვლენები. ევროკავშირმა შეაფასა სომხეთის ერთგულება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებისადმი, ასევე ამ სფეროებში მიღწეული ხელშესახები პროგრესი. ევროკავშირმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა  ამ სფეროებში რეფორმების გაგრძელების და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრისკენ მიმართული დამატებითი ნაბიჯების აუცილებლობას. მხარეებმა ისაუბრეს სამოქალაქო საზოგადოების სრული მონაწილეობის მნიშვნელობაზე გადაწყვეტილების მიღებისა და საჯარო მმართველობის პროცესებში.

სომხეთმა და ევროკავშირმა განიხილეს რეგიონული ინკლუზიური კავშირის ხელშეწყობის შესაძლებლობები, ეკონომიკური დივერსიფიკაციისა და ორმხრივი ვაჭრობის გაფართოების მიმართულებები, ციფრული და მწვანე ტრანსფორმაციების დაჩქარების გზები, ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, ასევე კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ქმედებების საკითხებში თანამშრომლობის გაძლიერება.

საგარეო პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის კონტექსტში, მხარეები  მიესალმნენ სომხეთსა და ევროკავშირს შორის ცოტა ხნის წინ ხელმოწერილ შეთანხმებას, რომელიც განსაზღვრავს სომხეთის მონაწილეობის ჩარჩოს ევროკავშირის კრიზისების მართვის მისიებსა და ოპერაციებში, ასევე სომხეთ-ევროკავშირის პირველი უსაფრთხოებისა და თავდაცვის კონსულტაციების ჩატარებას. განხილული იქნა  თანამშრომლობის ახალი სფეროები, ფოკუსირებული ჰიბრიდული და კიბერ საფრთხეების, გარე ჩარევისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში მდგრადობის შესაძლებლობების განვითარებაზე. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს სომხეთში ევროკავშირის სამოქალაქო მისიის მნიშვნელოვანი წვლილი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში.

პარტნიორობის კომიტეტზე ასევე განიხილეს რეგიონული მოვლენები და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი. ევროკავშირმა მიესალმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე მიღწეულ შეთანხმებას და მოუწოდა მისი ხელმოწერისა და რატიფიკაციისკენ. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა სომხეთის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის სრულ მხარდაჭერას, რომელიც დაფუძნებულია 1991 წლის ალმა-ათას დეკლარაციის პრინციპებზე. ევროკავშირმა ასევე გამოთქვა მხარდაჭერა სომხეთის მცდელობების მიმართ თურქეთთან ურთიერთობების სრულად ნორმალიზების მიმართულებით.

შეხვედრას თანათავმჯდომარეობდნენ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანი და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ ევროპისა და რუსეთის საკითხებში მმართველი დირექტორის მოადგილე ოდრონ პერკაუსკიენე.

ნახეთ მეტი
Back to top button