აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსში საქართველო უკრაინას, მოლდოვას და სომხეთს ჩამორჩება

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი 2025 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსს აქვეყნებს. ანგარიში აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების EU-სთან თავსებადობის შეფასებას ახდენს. მისი მიხედვით, საქართველოს პოზიცია 2023 წელთან შედარებით უცვლელია და EU-სთან თავსებადობის მხრივ ქულა კვლავ 0.63-ია, თუმცა, თუკი 2023 წლის ინდექსით საქართველო ჩამორჩებოდა უკრაინას და მოლდოვას, ის 2025 წლის ინდექსით უკვე სომხეთსაც ჩამორჩება.
აღმოსავლეთ პარტნიორობის 2025 წლის ინდექსი:
- მოლდოვა – 0.73 ქულა, გაუმჯობესება 0.03;
- უკრაინა – 0.67 ქულა, გაუმჯობესება 0.01;
- სომხეთი – 0.64 ქულა, გაუმჯობესება 0.03;
- საქართველო – 0.63 ქულა, უცვლელია;
- აზერბაიჯანი – 0.46 ქულა, კლება 0.01;
- ბელარუსი – 0.44 ქულა, კლება 0.01.
საქართველო: დემოკრატიის უკუსვლა და ევროპული კურსის კრიზისი
ინდექსის თანახმად, საქართველოში ვითარება განსაკუთრებით შემაშფოთებელია. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა, უცხოური და ადგილობრივი დამკვირვებლების შეფასებით, დაფიქსირდა საარჩევნო მანიპულაცია, ამომრჩევლის დაშინება და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება. ინდექსის თანახმად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება უკვე ღიად მიმართავს ავტორიტარულ ნაბიჯებს და უფლებების მხრივ გაუარესება მხოლოდ სტატისტიკური ვარდნა კი არა, არამედ სისტემური პრობლემაა: სასამართლოს დამოუკიდებლობა დასუსტებულია, მედია–გარემო ზეწოლის ქვეშაა, ხოლო პოლიტიკური პლურალიზმი მნიშვნელოვნად შეიზღუდა.
ანგარიშის თანახმად, ხელისუფლების მხრიდან მიმდინარე პროცესის პარალელურად, ქართული საზოგადოება ევროინტეგრაციას კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს.
ინდექსის თანახმად, 2023 წელს საქართველოს ქულა დემოკრატიული უფლებების, პლურალიზმისა საარჩევნო თავისუფლებისა მხრივ 0.63-ს შეადგენდა, 2025 წლის ინდექსში კი ის 0.39-მდე არის შემცირებული, რაც 0.24 ქულის ვარდნას წარმოადგენს. სახელმწიფოს პასუხსიმგებლობიანობა (State Accountability) 2023 წელს არსებული 0.83 ქულიდან 0.67 ქულამდე შემცირდა. მედია დამოუკიდებლობა 0.52-დან 0.44 ქულამდე არის შემცირებული, სასამართლოს დამოუკიდებლობა 0.56 ქულიდან 0.45 ქულამდე შემცირდა, კორუფციასთან ბრძოლა 0.72-დან 0.59-მდე შემცირდა. თუმცა გაუმჯობესდა საჯარო ადმინისტრირების ქულა 0.59-დან 0.71-მდე, საბაზო თავსებადობა 0.73-დან 0.78-მდე გაიზარდა, ენერგეტიკის პოლიტიკის თავსებადობა 0.56 ქულიდან 0.65 ქულამდე გაიზარდა. გარემოს დაცვის და კლიმატის პოლიტიკა 0.53 ქულიდან 0.57-მდე გაიზარდა, სატრანსპორტო რეგულირების ქულა კი 0.54-დან 0.67 ქულამდე გაიზარდა,
უკრაინა: ომშიც კი პროგრესი ევროკავშირის გზაზე
ანგარიშის თანახმად, უკრაინამ, მიუხედავად რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიისა, მოახერხა დემოკრატიული პროცესების შენარჩუნება და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ევროკავშირის გზაზე. ინდექსის მიხედვით, უკრაინა საკმაოდ მაღალი ქულებით ფასდება დემოკრატიისა და კარგი მმართველობის სფეროში. ქვეყანაში შენარჩუნებულია ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც აქტიურად აკონტროლებს ხელისუფლებას. თუმცა, სამხედრო მდგომარეობის გამო ზოგიერთი რეფორმა გაჩერებულია, განსაკუთრებით დემოკრატიული მმართველობის სფეროში. მიუხედავად ყველაფრისა, უკრაინის ხელისუფლება და საზოგადოება დემონსტრირებენ ძლიერ სურვილს, ევროპული ოჯახის ნაწილი გახდნენ.
მოლდოვა: ევროპული არჩევანის გამტკიცება, რუსეთის ჩარევის ფონზე
ინდექსის თანახმად, მოლდოვამ უკანასკნელ წლებში გააძლიერა ევროპული ინტეგრაციის კურსი. 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუს გამარჯვებამ დაადასტურა ქვეყნის პროევროპული გზა. მოლდოვამ უკვე დაიწყო ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები და მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ადმინისტრაციული რეფორმებისა და სამართლებრივი სისტემის გაძლიერებაში. თუმცა, კვლავ შეინიშნება რუსეთის ჩარევის მცდელობები ქვეყნის შიდა პოლიტიკაში, რასაც თან ახლავს დეზინფორმაციული კამპანიები და ეკონომიკური ზეწოლა. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის დიდი ნაწილი მყარად უჭერს მხარს ევროპულ არჩევანს.
სომხეთი: ევროპისაკენ სწრაფვა პოლიტიკური მერყეობების ფონზე
ანგარიშში აღნიშნულია, რომ სომხეთის მდგომარეობა ორმაგად კომპლექსურია. ერთის მხრივ, ქვეყანაში არსებობს ძლიერი პროდასავლური განწყობა და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებისკენ ნაბიჯები იდგმება. 2025 წელს სომხეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს იწყებს. თუმცა ქვეყანაში პოლიტიკურ სტაბილურობას ძირს უთხრის შიდა დაძაბულობა და უსაფრთხოების გამოწვევები, განსაკუთრებით 2024 წელს მთიან ყარაბახში განვითარებული მოვლენების ფონზე, რის შედეგადაც 100,000-ზე მეტი ეთნიკური სომეხი იძულებული გახდა დაეტოვებინა რეგიონი აზერბაიჯანის მიერ მასზე კონტროლის დაბრუნების შემდეგ. მიუხედავად ამისა, სომხეთი ცდილობს ევროკავშირის ნორმებთან და სტანდარტებთან დაახლოებას, განსაკუთრებით სამართლებრივი და ეკონომიკური სფეროებში.
რეგიონული სურათი: გზაგასაყარზე მდგარი აღმოსავლური პარტნიორობა
აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის 2025 წლის მონაცემები ცხადყოფს, რომ რეგიონი ორად არის გაყოფილი. ერთი მხარეს დგანან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები – უკრაინა და მოლდოვა, რომლებიც მტკიცედ ინარჩუნებენ ევროპულ კურსს, ხოლო სომხეთი ამ ჯგუფს ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება. მეორე მხარეს კი ის ქვეყნებია, სადაც ავტორიტარიზმი გაძლიერდა, რომელთა შორის საქართველო აშკარად უკან იხევს და ახლა ავტორიტარულ ბლოკთან მიახლოებულია. თუმცა საქართველოს შემთხვევაში, საზოგადოებრივი განწყობები კვლავ მკაფიოდ პროევროპულია, რაც ინდექსის ავტორთა შეფასებით იძლევა იმედს, რომ ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული კურსი გაძლიერდება.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მომავალი ევროკავშირთან დაახლოების გზაზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული, შეძლებენ თუ არა ეს ქვეყნები პოლიტიკურ პოლარიზაციას გადალახონ, დემოკრატიული ინსტიტუტები გაიძლიერონ და იმ პირობებს დააკმაყოფილონ, რასაც ევროკავშირი კანდიდატებისგან მოითხოვს.







