პოლიტიკა

რა წერია ევროკომისიის მიერ უვიზო რეჟიმზე გამოგზავნილ წერილში

Netgazeti.ge წერს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის წერილს მაკა ბოჭორიშვილისადმი.

წერილში, რომელიც 14 ივლისით თარიღდება, მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის ევროკომისარი ბეატე გმინდერი წერს, რომ 2024 წლის 6 დეკემბერს ევროკომისიამ ვიზების შეჩერების მექანიზმის მეშვიდე ანგარიში მიიღო, რომელშიც ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების სერიოზულ დარღვევებს, მათ შორის, დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპის დარღვევას, რაც ეწინააღმდეგება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. შედეგად, კომისიამ გასცა რიგი რეკომენდაციები. ეს მოიცავს თხოვნას საქართველოს ხელისუფლებისადმი, გააუქმოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი, შესწორებები შეიტანოს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიაში და სამოქმედო გეგმაში, რათა სრულად იქნას უზრუნველყოფილი ლგბტიქ (LGBTIQ) პირების უფლებები.

წერილში ასევე ნათქვამია, რომ განსაკუთრებული რეკომენდაცია იყო მიმართული ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონის შეცვლაზე, ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციების დასაკმაყოფილებლად, კერძოდ იმ საკითხებთან მიმართებაში, რაც შეეხება ანტიკორუფციული ბიუროს ეფექტურ დამოუკიდებლობას, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტსა და ფუნქციებს.

„თქვენი მთავრობის მხრიდან უმოქმედობის პასუხად, 2025 წლის იანვარში, ევროკავშირმა გადაწყვიტა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზაფასილიტაციის შეთანხმების ნაწილობრივ შეჩერება და დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის გაუქმება. შესაბამისად, 12-მა წევრმა სახელმწიფომ დააწესა ვიზის მოთხოვნა საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის. სხვა წევრი სახელმწიფოები უერთდებიან ამ პრაქტიკას. გთხოვთ, მოგვაწოდოთ განახლებული ინფორმაცია ამ რეკომენდაციების განხორციელების შესახებ და თუ ეს ჯერ არ მომხდარა, მიიღოთ შესაბამისი ზომები, რათა სრულად იქნას გადაწყვეტილი ყველა საკითხი, რომელიც კომისიის რეკომენდაციებში (დანართში) არის აღნიშნული“, — ნათქვამია წერილში.

მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატი იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება კონსტრუქციულად გამოეხმაურება და გადადგამს აუცილებელ ნაბიჯებს კომისიის რეკომენდაციების სრულად განსახორციელებლად. და ამბობს, რომ კომისია შეაფასებს რეკომენდაციების შესრულებას შემდეგი, ვიზების შეჩერების მექანიზმის ანგარიშის ფარგლებში და ამ შეფასების საფუძველზე, რეკომენდაციების მუდმივი შეუსრულებლობის პირობებში, შესაძლოა დაიწყოს პროცედურები უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ასამოქმედებლად.

წერილს თან ახლავს რეკომენდაციების დანართი:

  1. უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, საჯარო საქმიანობაში მონაწილეობის უფლება, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვა.
  2. თავიდან აიცილოს და გააუქმოს ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც შეიძლება ზღუდავდეს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ეწინააღმდეგებოდეს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს და ეწინააღმდეგებოდეს შესაბამის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, გააუქმოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ და შეიტანოს ცვლილებები ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, რათა უზრუნველყოს ლგბტქ პირთა უფლებების სრულად დაცვა.
  3. საქართველოს სავიზო პოლიტიკა შეუსაბამოს ევროკავშირთან სავიზო ვალდებულების მქონე მესამე ქვეყნების სიას, განსაკუთრებით იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ევროკავშირისათვის არარეგულარული მიგრაციისა და უსაფრთხოების რისკს წარმოადგენენ.
  4. გააძლიეროს მოქმედება დაუსაბუთებელი თავშესაფრის მოთხოვნების და წევრ სახელმწიფოებში არარეგულარული ყოფნის საკითხის აღმოსაფხვრელად, როგორიცაა ინფორმაციის კამპანიები უვიზო რეჟიმზე შესაბამისი მიგრანტების ჯგუფებისთვის და საზღვრის გაძლიერებული კონტროლი.
  5. დააარსოს აქტივების აღდგენის ოფისი და აქტივების მართვის ოფისი და გაგრძელდეს ძალისხმევა აქტივების მოძიების, გაყინვის, მართვის, კონფისკაციისა და განკარგვის მიმართულებით.
  6. მიიღოს ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, უზრუნველყოს მათი განხორციელებისთვის საკმარისი რესურსები და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს მაღალი რანგის კორუფციის საქმეების გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნასა და განხილვას.
  7. შეცვალოს ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონი ვენეციის კომისიის ძირითად რეკომენდაციებთან შესაბამისობაში, განსაკუთრებით ბიუროს ეფექტური დამოუკიდებლობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და ფუნქციების უზრუნველყოფის მიზნით.
  8. პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონი ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს.

ჯერჯერობით ოფიციალურ უწყებებს არ დაუდასტურებიათ, რომ ეს არის წერილი, რომლის შესახებაც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა 15 ივლისს ისაუბრა. შინაარსობრივად ის თანხვედრაშია კალასის და „ქართული ოცნების“ განცხადებებთან წერილის შინაარსზე. თუმცა წერილში არ არის მითითებული ბოლო ვადა, რომელიც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ახსენა.

მოგვიანებით „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა რიკარდ იოზვიაკმა დაწერა, რომ ზემოაღნიშნული წერილი მხოლოდ პროექტი იყო და თავად გამოაქვეყნა წერილი  „სწორი ვარიანტი“. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოქვეყნებული წერილისგან განსხვავებით, იოზვიაკის მიერ გასაჯაროებული წერილის ადრესატია არა მაკა ბოჭორიშვილი, არამედ საქართველოს ელჩი ევროკავშირში ვახტანგ მახარობლიშვილი. ასევე, ამ წერილში ფიგურირებს დედლაინი — ევროკომისია საქართველოს სთხოვს, აგვისტოს ბოლომდე მიაწოდოს ინფორმაცია რეკომენდაციების შესრულების შესახებ.

საკითხში სიცხადის შესატანად, „ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა ევროკომისიას. პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.

ნახეთ მეტი
Back to top button