საერთაშორისო

„პოლიტიკურმა გაურკვევლობამ და პოტენციურმა სანქციებმა შესაძლოა, შეაფერხოს FDI და გაზარდოს ლარზე ზეწოლა“ – IMF

„საქართველოში არსებულმა პოლიტიკურმა გაურკვევლობამ და პოტენციურმა სანქციებმა შესაძლოა, შეაფერხოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ტურიზმი, ლარზე კი ზეწოლა გაზარდოს“, – ამის შესახებ ვკითხულობთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემაჯამებელ მიმოხილვაში.

ამასთან, ანგარიშში საუბარია გეოპოლიტიკურ დაძაბულობაზე, ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებსა და იმ ფაქტორებზე, რომელსაც საქართველოს სავაჭრო, სატრანზიტო, საექსპორტო და საიმპორტო მიმართულებებზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

ამ ნაწილში ყურადღება გამახვილებულია, რუსეთ-უკრაინის ომზე და აღნიშნულია, რომ ომის დასრულების შემდეგ საქართველომ 2022 წლის შემდეგ იმიგრაციითა და სატრანზიტო ვაჭრობის ზრდით მიღებული სარგებლის ნაწილი შესაძლოა, დაკარგოს.

„უკრაინის ომის დასრულებამ შესაძლოა, შეამციროს იმიგრაციითა და სატრანზიტო ვაჭრობით მიღებული სარგებლის ნაწილი, თუმცა, რეგიონული სტაბილურობის აღდგენამ შესაძლოა, აღნიშნული ეფექტი დააბალანსოს“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

გარდა ამისა, ანგარიშში მიმოხილულია, გლობალურად მიმდინარე „სავაჭრო ომი“ და აღნიშნულია, რომ სავაჭრო დაძაბულობის პირდაპირი ეფექტი საქართველოს ექსპორტზე ნაკლებად ზემოქმედებს, თუმცა ე.წ. ტარიფების ომის პარალელურად ინვესტორების მოლოდინები და არსებული სავაჭრო ჯაჭვების ცვლილება შესაძლოა, აისახოს საქართველოზეც.

„გლობალური სავაჭრო დაძაბულობის პირდაპირი კავშირი ნაკლებად ვრცელდება საქართველოზე, რადგან საქართველოს ექსპორტის წილი აშშ-ში მცირეა, ამავდროულად ძირითად საექსპორტო პროდუქციაზე არ მოქმედებს შეზღუდვები. მიუხედავად ამისა, ინვესტორთა განწყობამ, სავაჭრო პარტნიორების შესუსტებამ და მიწოდების ჯაჭვების დარღვევამ შესაძლოა, ექსპორტზე ნეგატიურად იმოქმედოს და გაზარდოს იმპორტის ღირებულება გაზარდოს. ამასთან, საქართველოში არსებულმა პოლიტიკურმა გაურკვევლობამ და პოტენციურმა სანქციებმა შესაძლოა, შეაფერხოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ტურიზმი, ლარზე კი ზეწოლა გაზარდოს, მიუხედავად ამისა, საქართველოს ფისკალურმა და ფინანსურმა ბუფერებმა შესაძლოა, გავლენა იქონიოს არსებული ნეგატიური ეფექტების შერბილებაზე“, – აღნიშნულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button