სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ქართველი კოლეგების მუშაობას გაეცნო

22 ივნისს, სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის, არფინე სარგსიანის ხელმძღვანელობით, რომელიც ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება საქართველოში, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრს ეწვია. დირექტორმა ვახტანგ ჟვანიამ სახელმწიფო მომსახურების ქართული მოდელი წარადგინა.
დელეგაციის წევრებმა შენობა დაათვალიერეს, გაეცნენ ინოვაციურ პროგრამებსა და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, ასევე მობილურ სერვისებს, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 125 ფილიალის მეშვეობით არის ხელმისაწვდომი.
იმავე დღეს, სომხეთის დელეგაცია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ეწვია, სადაც გატარებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებს გაეცნო. მინისტრის მოადგილემ დარახველიძემ და დეპარტამენტის უფროსმა ლევან მაისურაძემ ადგილზე წარმოადგინეს სამსახურის ძირითადი ფუნქციები, გააცნეს ავტოპარკი და ერთიანი მომსახურების ცენტრი, სადაც მოქალაქეებს მომსახურება „ერთი გაჩერების“ პრინციპით მიეწოდებათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, მინისტრ სარგსიანის ხელმძღვანელობით დელეგაცია გაეცნო ავტომობილების რეგისტრაციისა და სანომრე ნიშნების გაცემის პროცესებს, ასევე მართვის მოწმობის თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩატარების პროცედურას.
ვიზიტის პირველ დღეს, 21 ივლისს, დელეგაცია ეწვია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს „112“.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეების, გიორგი ბუთხუზისა და ალექსანდრე დარახველიძის თანხლებით, არფინე სარგსიანმა და შსს-ს დელეგაციის წევრებმა ცენტრი დაათვალიერეს. ცენტრის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა, დეტალურად გააცნო ცენტრის ძირითადი ფუნქციები და ინფრასტრუქტურა და წარმოადგინა კრიზისულ სიტუაციებში განხორციელებული ქმედებები.
დელეგაციის წევრებს ასევე გაეცნენ საგზაო მოძრაობის ვიდეოჩაწერისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის გამოყენებული ელექტრონული მონიტორინგის სისტემების მუშაობას.







