ქართულ კულინარიას მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გასტრონომიულ ფესტივალზე, The National Geographic Traveller Food Festival-ზე გაეცნენ

1tv.ge წერს, რომ ქართულ კულინარიას მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გასტრონომიულ ფესტივალზე, The National Geographic Traveller Food Festival-ზე გაეცნენ. ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, The National Geographic Traveller Food Festival-ზე უკვე მეორედ წარდგა. გამოფენას დაესწრო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.
„საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წარმოდგენილი იყო ლონდონში The National Geographic Traveller Food Festival-ზე. ჩვენ ძალიან კარგ ადგილას გვქონდა სტენდი წარმოდგენილი. ჩვენთან ერთად ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ქართული ღვინის პრეზენტაცია მოაწყო. ორი დღის განმავლობაში ერთობლივად გვქონდა ჩვენი ქვეყნის, ასევე ქართული კერძებისა და ღვინის პრეზენტაცია. ეს პროდუქტები ტურიზმისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. ბრიტანეთი ჩვენთვის სამიზნე ბაზარია. ჩვენ ბევრად გავააქტიურეთ მარკეტინგული კამპანიები, რაც პირდაპირი ფრენების დანიშვნის შემდეგ დაიწყო და აღსანიშნავია, რომ პირველ ორ კვარტალში 25%-იანი მატება გვაქვს ბრიტანეთის ბაზრიდან. მსგავსი ტიპის აქტივობები ხელს უწყობს ცნობადობის გაზრდას და ინფორმაციის მიწოდებას ტურისტული პროდუქტის შესახებ, ასევე საქართველოში ბევრად მეტი ტურისტის მოწვევას“, – განაცხადა მაია ომიაძემ.
ამასთან, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ფესტივალში მონაწილეობდა ღვინის ეროვნული სააგენტო. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველმა, ირაკლი ჩოლობარგიამ განაცხადა, ეს ფესტივალი ძალიან კარგი პლატფორმაა, რომ გაიზარდოს საქართველოს ცნობადობა.
„ამ გამოფენაზე ძირითადად მოგზაურობის, სამზარეულოსა და ღვინის მოყვარულები მიდიან, რომლებსაც აინტერესებთ სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა. ჩვენი სტენდი ძალიან პოპულარული იყო. ჩვენ გვქონდა ორი მასტერკლასი ქართული ღვინის, სადაც გავაცანით სტუმრებს ღვინის ისტორია, ჩვენი ტრადიციები, ქვევრის მეთოდით ღვინის დაყენება. ძალიან დიდი იყო დაინტერესება, მოეწონათ კლასიკური მეთოდით დაყენებული ღვინო. ეს ფესტივალი ძალიან კარგი პლატფორმაა, რომ გავზარდოთ ჩვენი ცნობადობა“, – განაცხადა ირაკლი ჩოლობარგიამ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, The National Geographic Traveller Food Festival-ზე შეფმზარეულმა გურამ ბაღდოშვილმა ყველის ვარიაციები, ხინკალი, ლობიანი და სხვა კერძები წარადგინა, ხოლო შეფმზარეულმა ვახტანგ გობეჯიშვილმა ფესტივალის მონაწილეებს ხაჭაპური და გებჟალია გააცნო. ქართველმა შეფმზარეულებმა ფესტივალზე ერთობლივად მომზადებული კერძებიც წარადგინეს.
ამასთან, The National Geographic Traveller Food Festival-ზე ქართული კერძებისა და ღვინის მასტერკლასები ჩატარდა. გასტროფესტივალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 6 000-ზე მეტი ვიზიტორი დაესწრო.
The National Geographic Traveller-ის კულინარიული რედაქტორის, გლენ მათლის განცხადებით, საქართველოს საოცარი ისტორია აქვს და ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მონაწილეობა ამ ფესტივალზე.
„სამზარეულო ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია – სუფრა, სადღეგრძელოები, სხვადასხვა სახის კერძები როგორც მთაში, ასევე ქალაქში – ამ ყველაფერს ქვეყნის კულტურაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ შესანიშნავი ამბავი მოსაყოლი. საქართველო ისეთი ტიპის ტურისტული მიმართულებაა, რომელზეც ჩვენს მკითხველს უკვე აქვს გარკვეული წარმოდგენა, მაგრამ სურს მეტი გაიგოს“, – განაცხადა გლენ მათლიმ.
ფესტივალის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, ქართული სამზარეულო საოცარია და გამოირჩევა გემრიელი კერძებით.
„ძალიან მომეწონა თბილისი. საქართველოში დავესწარი ხინკლისა და ხაჭაპურის მომზადების მასტერკლასებს, შემდეგ ლონდონში დავბრუნდი და მე თვითონ მოვამზადე – მართლაც შესანიშნავი კერძებია. აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში – თბილისში, ბათუმში და სხვა ლამაზ ადგილებში“, – განაცხადა ფესტივალის მონაწილემ.







