პოლიტიკა

ბაჰრუზ ალიევი: სომხეთი ერთადერთი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში, სადაც რეალური მედია თავისუფლებაა

ფოტო ბაჰრუზ ალიევის Facebook გვერდიდან

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა ბაჰრუზ ალიევმა თავის Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ სომხეთი ერთადერთი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში, სადაც ნამდვილად დამოუკიდებელი მედიაგარემოა. მისი თქმით, სიტყვის თავისუფლება რეგიონში, მთლიანობაში, სერიოზული ზეწოლის ქვეშაა და ბევრ ქვეყანაში ის პრაქტიკულად არ არსებობს.

„თავისუფალი სიტყვა მთელ კავკასიაში გამონაკლისად იქცა. აზერბაიჯანში, მკაცრი ავტორიტარული რეჟიმის პირობებში, დამოუკიდებელი მედია არა მხოლოდ აკრძალულია, არამედ სისტემატურად იდევნება. საქართველოში მედია პოლიტიკურ ინსტრუმენტად გადაიქცა, ხოლო ჩრდილოეთ კავკასიაში სიტყვის თავისუფლება პრაქტიკულად არ არსებობს“, – აღნიშნა ალიევმა.

ამ ფონზე, ჟურნალისტის თქმით, სომხეთი იშვიათ გამონაკლისად იქცევა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი მედია მართლაც მოქმედებს და ეს დადასტურებულია როგორც ფორმალურად, ასევე პრაქტიკაში. თავისუფალ ჟურნალისტიკას აქ ინსტიტუციური და სამართლებრივი დაცვა აქვს.

ალიევი ამ ცვლილებებს, ძირითადად, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს მიაწერს. მან გაიხსენა, რომ პოლიტიკაში მოსვლამდე ფაშინიანი ცნობილი ჟურნალისტი, გაზეთ „ჰაიკაკან ჟამანაკ“-ის  მთავარი რედაქტორი იყო და პირადად ცენზურასა და ზეწოლას განიცდიდა.

„პოლიტიკურ კარიერამდე, როგორც მთავარი რედაქტორი, თავად ფაშინიანი ზეწოლის სამიზნე იყო. პრემიერ-მინისტრობის შემდეგ, თავისუფალი მედიის დაცვა პირად და პოლიტიკურ პრინციპად აქცია“, – წერს ალიევი.

მისი თქმით, სომხეთში ცენზურის მექანიზმები გაუქმდა, მედიაზე შეზღუდვები შემსუბუქდა და ჟურნალისტიკის ფინანსური დამოუკიდებლობის გაზრდისკენ მიმართული რეფორმები განხორციელდა.

ჟურნალისტმა ასევე მოიყვანა საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“-ს უახლესი მონაცემები. 2025 წლის პრესის თავისუფლების რეიტინგში სომხეთი 34-ე ადგილზე არის. შედარებისთვის, საქართველო 114-ე ადგილზეა,  ხოლო აზერბაიჯანი 167-ე. „ეს ობიექტური მაჩვენებელია, რომელიც ასახავს რეგიონში არსებულ რეალურ მდგომარეობას“, – თქვა ალიევმა.

მან ასევე შეახსენა, რომ კავკასიაში ჟურნალისტური საქმიანობა კვლავ რისკებითაა სავსე. აზერბაიჯანში 30-ზე მეტი ჟურნალისტი ციხეშია. საქართველოში პრესის წინააღმდეგ ძალადობა იზრდება და ჩრდილოეთ კავკასია მედიისთვის საშიშ ზონად რჩება.

„სომხეთის მაგალითი აჩვენებს, რომ სიტყვის თავისუფლება კავკასიაში შესაძლებელია. ამისთვის საჭიროა პოლიტიკური ნება, საზოგადოების მხარდაჭერა და ჟურნალისტების გამბედაობა“, – დაასკვნა ალიევმა.

ნახეთ მეტი
Back to top button