გაზეთმა „მოსკოვსკი კომსომოლეცმა“ აზერბაიჯანი ნაცისტურ გერმანიას შეადარა

რუსულმა გაზეთმა „მოსკოვსკი კომსომოლეცმა“, აზერბაიჯანში მხატვარ ჰოვანეს აივაზოვსკის ძეგლის დემონტაჟთან დაკავშირებით სტატია გამოაქვეყნა, სადაც ქვეყანა ნაცისტურ გერმანიას შეადარა.
2 აგვისტოს გაზეთმა გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „ბაქო, უკრაინის შემდეგ – ომი ძეგლებთან “, რომელიც პარალელს ავლებს აივაზოვსკის ძეგლის დემონტაჟსა და გერმანელი ფიზიკოსის, ჰაინრიხ ჰერცის ბიუსტის დანგრევას შორის, მას შემდეგ, რაც გერმანიაში ნაცისტები ხელისუფლებაში მოვიდნენ.
სტატიის ავტორი, მარინა პერევოზკინა, წერს, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, ძეგლის დანგრევის მთავარი მიზეზი აივაზოვსკის სომხური წარმომავლობა იყო. ამ კონტექსტში, იგი იხსენებს კარლსრუეს უნივერსიტეტში ჰერცის ძეგლის დანგრევას, სადაც მეცნიერმა მთავარი აღმოჩენა გააკეთა – მან დაამტკიცა ელექტრომაგნიტური ტალღების არსებობა.
„ჰერცის წარმომავლობა, ნაცისტების თვალსაზრისით, რასობრივი სიწმინდის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა: მისი მამა ებრაელი იყო, თუმცა მონათლული“, – განმარტა პერევოზკინამ.
მან გაიხსენა, რომ „მესამე რაიხის“ ხელისუფლებამ სცადა სიხშირის ერთეულისთვის სახელის შეცვლა და ჰერცის ნაცვლად ჰელმჰოლცის სახელის მინიჭება, რომელიც იყო „ასევე ფიზიკოსი, მაგრამ ამავე დროს „ჭეშმარიტი არიული“.
„მესამე რაიხი“ დიდი ხნის წინ გაქრა, მაგრამ სოკეტში ცვლადი დენის სიხშირე დღემდე ჰერცებში იზომება“, – ხაზგასმით აღნიშნა პუბლიკაციის ავტორმა.







