პოლიტიკა

რუსეთმა ალეკო ელისაშვილს პატიმრობა შეუფარდა და დაუსწრებლად ასამართლებს

Netagzeti.ge წერს, რომ რუსეთის მიერ ანექსირებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ პროკურატურამ ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად წაუყენა ბრალი და მისი სისხლის სამართლის საქმე არსებითი განხილვისთვის დონეცკის უზენაეს სასამართლოში გაიგზავნა.

რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებით, ელისაშვილს ბრალი წაუყენეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობას გულისხმობს. რუსეთი ირწმუნება, რომ ამ ქმედებებისთვის „დაქირავებულმა მიიღო მატერიალური ჯილდო“.

„გამოძიების თანახმად, 2022 წლის მარტში ელისაშვილი უკრაინაში პოლონეთთან სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით შევიდა, სადაც კიევის ოლქის ტერიტორიული თავდაცვის 25-ე ბატალიონის შემადგენლობაში, დაქირავებული მეომრის რანგში, საქართველოს ეროვნულ ლეგიონში შევიდა. მან სამხედრო წვრთნები გაიარა სასწავლო ბაზების ტერიტორიაზე, მიეწოდა პირადი ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფორმები და სპეციალური აღჭურვილობა. ამის შემდეგ ელისაშვილი მონაწილეობდა უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში, მათ შორის კიევის ოლქის ქალაქ ირპინისთვის ბრძოლებში. 2022 წლის აპრილში მან უკრაინა დატოვა და საქართველოში დაბრუნდა“, – ნათქვამია რუსეთის პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, ელისაშვილზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული და სასამართლომ მას აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთს ძებნა აქვს გამოცხადებული უკრაინის მხარეს მებრძოლ 100 ქართველზე, მათ შორის ალეკო ელისაშვილზე, კობა ხაბაზზე, ირაკლი ოქრუაშვილზე, მამუკა მამულაშვილსა და დავით ქაცარავაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button