სამხრეთ კავკასიაში სატრანზიტო მარშრუტი სომხეთის კანონმდებლობის ფარგლებში იფუნქციონირებს: Reuters

სააგენტო „როიტერმა“ 8 აგვისტოს ვაშინგტონში დაგეგმილი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის სამმხრივი შეხვედრის დღის წესრიგის დეტალები გაავრცელა.
„არმენპრეს“-ის ცნობით, სააგენტო „როიტერი“, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით, წერს, რომ 8 აგვისტოს ვაშინგტონში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის შეხვედრის დროს ხელი მოეწერება მშვიდობის შესახებ ჩარჩო დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც შეერთებული შტატები მიიღებს ექსკლუზიურ უფლებას სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარებაზე.
ამავდროულად, აღნიშნულია, რომ ეს მარშრუტი სომხეთის კანონმდებლობის ფარგლებში იმართება.
სახელმწიფო პირებმა, რომელთა ვინაობა არ დასახელებულა, სააგენტოს განუცხადეს, რომ დოკუმენტის თანახმად, სომხეთი გეგმავს შეერთებულ შტატებს სატრანზიტო დერეფნის, რომელსაც „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ დაერქმევა და აკრონიმით TRIPP იქნება ცნობილი, ექსკლუზიური გრძელვადიანი სპეციალური განვითარების უფლებები მიანიჭოს.
ჩინოვნიკების თქმით, მარშრუტი სომხეთის კანონმდებლობის შესაბამისად ფუნქციონირებს და შეერთებული შტატები ინფრასტრუქტურისა და მართვისთვის მიწას კონსორციუმს ქვეიჯარით გადასცემს. ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ კომერციული გზით გადადგმული ეს ნაბიჯი რეგიონს გახსნის და შემდგომ სამხედრო ქმედებებს თავიდან აგვაცილებს.







