
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 8 აგვისტოს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის ერთობლივი შეხვედრის შემდეგ ხელმოწერილი დეკლარაცია გამოაქვეყნა.
„Armenpress“-ი წარმოგიდგენთ პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის პოსტის სრულ ტექსტს:
„დღეს, თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან სამმხრივ შეხვედრაზე, ჩვენ ხელი მოვაწერეთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ერთობლივ დეკლარაციას აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შედეგების შესახებ.
დეკლარაციის ტექსტი:
„ჩვენ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში შეხვედრისას, ვაცხადებთ შემდეგს:
1. ჩვენ და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ჯ. ტრამპი დავესწარით აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმებული ტექსტის პარაფირებას მხარეთა საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ. შესაბამისად, ჩვენ ვაღიარეთ შეთანხმების ხელმოწერისა და საბოლოო რატიფიკაციისკენ შემდგომი ქმედებების გაგრძელების აუცილებლობა და ხაზი გავუსვით ჩვენს ორ ქვეყანას შორის მშვიდობის შენარჩუნებისა და განმტკიცების მნიშვნელობას.
2. ჩვენ ასევე დავესწარით სომხეთის რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო)ადმი ერთობლივი განცხადების ხელმოწერას ეუთოს მინსკის პროცესისა და მასთან დაკავშირებული სტრუქტურების დაშლის შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ ეუთოს ყველა მონაწილე სახელმწიფოს, მიიღონ ეს გადაწყვეტილება.
3. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ორ ქვეყანას შორის კომუნიკაციების გახსნის მნიშვნელობა შიდა, ორმხრივი და საერთაშორისო ტრანსპორტისთვის, სახელმწიფოების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და იურისდიქციის პატივისცემის საფუძველზე, რეგიონში და მის სამეზობლოში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით. ეს ძალისხმევა მოიცავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ძირითად ნაწილსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის შეუფერხებელ კომუნიკაციას სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიის გავლით, საერთაშორისო და შიდა კომუნიკაციის ორმხრივი უპირატესობით სომხეთის რესპუბლიკისთვის.
4. სომხეთის რესპუბლიკა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ურთიერთშეთანხმებულ მესამე მხარეებთან ერთად იმუშავებს სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე „ტრამპის მარშრუტის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) საკომუნიკაციო პროგრამის განხორციელების ჩარჩოს განსაზღვრის მიზნით. ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს გადაწყვეტილებას, კეთილსინდისიერად მივიღოთ ყველა ზომა ამ მიზნის რაც შეიძლება სწრაფად მისაღწევად.
5. ჩვენ ვაღიარებთ, რომ საჭიროა ნათელი მომავლისკენ გზის გაკვლევა, რომელიც არ არის წინასწარ განსაზღვრული წარსულის კონფლიქტით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებისა და 1991 წლის ალმა-ატას დეკლარაციის შესაბამისად. კონფლიქტის შემდეგ, რომელმაც ენით აუწერელი ადამიანური ტანჯვა გამოიწვია, საბოლოოდ შეიქმნა პირობები ჩვენი ხალხებისთვის კეთილმეზობლური ურთიერთობების დასაწყებად, რომლებიც დაფუძნებული იქნება საერთაშორისო საზღვრების ურღვევობისა და ტერიტორიის მითვისების მიზნით ძალის გამოყენების დაუშვებლობის პრინციპებზე. ეს რეალობა, რომელიც არ არის და არასდროს არ უნდა იყოს გადახედვის საგანი, გზას უხსნის ჩვენს ორ ხალხს შორის მტრობის გვერდის დახურვას. ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ და გამოვრიცხავთ შურისძიების ნებისმიერ მცდელობას, ახლაც და მომავალშიც.
6. ჩვენ გამოვთქვამთ ჩვენს რწმენას, რომ ეს სამიტი წარმოადგენს ურთიერთპატივისცემისა და რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობის მყარ საფუძველს.
7. ჩვენ გამოვხატავთ ღრმა მადლიერებას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ჯ. ტრამპის მიმართ ამ მნიშვნელოვანი სამიტის მასპინძლობისა და თბილი დახვედრისთვის, ასევე აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
ეს დეკლარაცია ხელმოწერილი იქნა 2025 წლის 8 აგვისტოს, ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში“.







